ბრიტანეთი აპირებს, რუსეთისაგან მოითხოვოს ადამიანების მოწამვლაში ეჭვმიტანილი ორი პირის ექსტრადიცია
ბრიტანეთის ხელისუფლება აპირებს, რუსეთისაგან მოითხოვოს სოლსბერისა და ეიმსბერიში ადამიანების მოწამვლასთან კავშირში ეჭვმიტანილი ორი პირის ექსტრადიცია. ამის შესახებ იუწყება გაზეთი „გარდიანი“. მოიწამლა სულ ოთხი ადამიანი, რომელთაგან ერთი გარდაიცვალა. რუსეთისათვის ორი ადამიანის ექსტრადიციის მოთხოვნაზე გადაწყვეტილება მიიღეს მას შემდეგ, რაც საქმე გამოიძია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეცსამსახურების ასობით თანამშრომელმა. შედეგად მოპოვებულია დიდი მასალა ორ რუს ეჭვმიტანილზე - დიდ ბრიტანეთში მათი ჩასვლით დაწყებული და გამგზავრებით დამთავრებული. "გარდიანის" პუბლიკაციის ავტორთა ვარაუდით, ექსტრადიციის მოთხოვნა გამოიწვევს მოსკოვის ნეგატიურ რეაქციას და ორმხრივი ურთიერთობის მორიგ გაუარესებას. გაერთიანებულ სამეფოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა გამწვავებულია მას შემდეგ, რაც მარტში სოლსბერიში ნერვულ-პარალიტიკურ ნივთიერება „ნოვიჩოკით“ მოწამლეს ყოფილი ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვლი იულია. ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ორივე გაწერეს საავადმყოფოდან. ხოლო 30 ივნისს ქალაქ ეიმსბერიში , რომელიც სოლსბერის მახლობლად მდებარეობს, მსგავსი სიმპტიმები აღმოუჩინეს ბრიტანეთის ორ მოქალაქეს. მათგან ერთერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა, მეორე გადარჩა. გამოძიებამ დაადგინა ორივე შემთხვევაში მომწამვლელი ნივთიერების იდენტობა.