ტოჩინოშინს ერთი ქულა სჭირდება ოძეკის წოდების დასაბრუნებლად
მაისის ბაშოს ტოჩინოშინი სეკივაკეს წოდებით ატარებს და არა მარტო ოძეკის ტიტულისთვის, არამედ შეჯიბრების უმთავრესი ჯილდოსთვის - „იმპერატორის თასისთვისაც“ იბრძვის. ფინიშამდე ხუთი დღით ადრე უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში სამი სეკიტორი ლიდერობს: ლევან გორგაძე, იოკოძუნა კაკურიუ და რიგითი მაეგაშირა ასანოიამა.
მაისის ბაშოზე წარმატებულად გამოდის რანგით მეორე ჯურიო დივიზიონში მოჭიდავე თეიმურაზ ჯუღელიც - გაგამარუმ ათი ტურის შემდეგ შვიდი ქულა მოაგროვა და საბოლოო დადებითი ბალანსის - კაჩი-კოშის - გასანაღდებლად ერთი მოგება სჭირდება.
