რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებმა მხარი დაუჭირეს „დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკების" ცნობას. საბოლოო სიტყვას პუტინი იტყვის
„უკრაინას უფრო მეტი "ჯაველინები" აქვს ვიდრე ნატოს ზოგიერთი წევრი ქვეყანა ფლობს. ეს ლაპარაკობს იმაზე, რომ არავინ არ აპირებს შეასრულოს მინსკის შეთანხმება, არამედ ყველა ემზადება პრობლემის ძალისმიერი გზით გადაჭრისთვის. ამ ვითარებაში, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ არ დაგვიტოვეს სხვა არჩევანი. მე ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებ: დიახ, დიახ, ჩვენ უნდა ვცნოთ“, - განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.
ვლადიმირ პუტინს "დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკების" ცნობისკენ მოუწოდეს ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, საგარეო დაზვერვისა სამსახურის ხელმძღვანელმა, სერგეი ნარიშკინმა, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ორივე პალატის ხელმძღვანელებმა, ვალენტინა მატვიენკომ და ვიჩესლავ ვოლოდინმა და უშიშროების საბჭოს სხვა წევრებმა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუჰანსკის რესპუბლიკების დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ, დღეს, მოგვიანებით გამოაცხადებს.
შეიარაღებული კონფლიქტი დონბასელ სეპარატისტებსა და უკრაინის ცენტრალურ ხელისუფლებას შორის 2014 წლის გაზაფხულზე, რუსეთის მიერ ყირიმის ანქესიის შემდეგ დაიწყო.
გაეროს ანგარიშის თანახმად, 2014 წლის აპრილიდან დაწყებული, აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის ზონაში 13 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მილიონზე მეტი დევნილად იქცა.
ბოლო დღეების განმავლობაში კონფლიქტის ზონაში კვლავ დაირღვა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, რაშიც მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.
