ლევან დავითაშვილი თანახმაა „რიონის ხეობის მცველებთან“ ნებისმიერ ფორმატში დიალოგზე
„ღია დიალოგისთვის ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით. ეს, შესაძლოა, მათაც დაადასტურონ. მზად ვარ ნებისმიერ ფორმატში დიალოგისთვის. თქვენც იცით, რომ საუბარი საუბრისთვის შედეგის მომტანი ვერასდროს იქნება. ენთუზიასტი ადამიანი, ამა თუ იმ ნაწილში, შეფასების კუთხით განმსჯელი ვერ იქნება, ჩემი ჩათვლით. აქ საჭიროა ექსპერტების მოსმენა და იმ ექსპერტული ცოდნის გათვალისწინება, რომელიც სპეციალისტებს გააჩნიათ. საზოგადოების დაინტერესებული ჯგუფებისთვის ჩვენ გავხსენით პლატფორმა, რომ მათაც ჰქონოდათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ ექსპერტებთან ერთად. შეიქმნა პლატფორმა ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მეშვეობით. მათ აქვთ გამოცდილება, ასეთ კონფლიქტურ სიტუაციაში ეწარმოებინათ მედიაცია საზოგადოებისა და სხვადასხვა დაინტერესებული მხარის ჩართულობით. მათ აქვთ კომპეტენცია, ჩართული ჰყოლოდათ სხვადასხვა მიმართულების ექსპერტი. ამ პლატფორმაში მთელი რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობენ, მათ შორის მთავრობის წარმომადგენლები, როგორც გარემოს დაცვის, ისე ეკონომიკის სამინისტროს კუთხით", - თქვა ეკონომიკის მინისტრმა. მისი შეფასებით, "რიონის ხეობის მცველებმა" სათანადოდ არ გამოიყენეს ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მონაწილეობით შექმნილი მედიაციის პლატფორმა.
"თუმცა ჩვენ მზად ვართ, რომ დავსხდეთ და ნებისმიერ დროს ვისაუბროთ გულწრფელად. თუ კონკრეტულ კითხვებზე გვაინტერესებს პასუხები, მაგალითად, უსაფრთხოება, გარემოს ზემოქმედება, ტარიფები, ენერგეტიკული უსაფრთხოება, აქ უპრიანი იქნება, რომ კონკრეტულ სწორ ფორმატში დავსხდეთ, სადაც ექსპერტები არიან მონაწილეები, ის ადამიანები, ვისაც ეხელეწიფებათ მედიაცია და ნეიტრალური როლის თამაში, ეს არის ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება“, - აღნიშნა დავითაშვილმა.
ლევან დავითაშვილმა, დასმული კითხვის პასუხად, ასევე კომენტარი გააკეთა კომპანია „ენკასთან“ დაკავშირებით. მისი თქმით, პროცესი საკმაოდ რთულია - კომპანიას თავისი პრეტენზიები გააჩნია, რადგან შეფერხდნენ მუშა პროცესში.
„მათ აქვთ გარკვეული წინადადებები, თუმცა, შესაძლოა, ჩვენ რაღაცეებს ვითვალისწინებდეთ და რაღაცეებში არ ვეთანხმებოდეთ, ამიტომ ეს იქნება სამართლებრივი პროცესი და, ბუნებრივია, ვიდრე არ მოხდება სამართლებრივი პროცესის პროგრესი, ამაზე მეტ ინფორმაციას ვერ მივაწვდით ვერავის. ჩართული გვყავს საექსპერტო და იურიდიული კომპანიები, მათ შორის, სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანიზაციები, არსებობს ასევე სასამართლო პროცესები. ამიტომ, უმჯობესია, დაველოდოთ სწორად წარმართულ სამართლებრივ პროცესს, რომლის შესახებაც ადეკვატური და სრული ინფორმაცია ექნება საზოგადოებას და განსაკუთრებით, დაინტერესებულ პირებს“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
„რიონის ხეობის მცველები“ თითქმის წელიწადია სოფელ გუმათში, „გუმათჰესის“ მიმდებარედ კარვებს არ ტოვებენ და ხეობაში ნამახვანჰესის აშენების წინააღმდეგ იბრძვიან.
გასული წლის სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანია ENKA Renewables-ი საქართველოს მთავრობასთან დადებულ ხელშეკრულებას წყვეტს და უარს ამბობს $800-მილიონიანი ჰიდროელექტროსადგურის აშენებაზე.
Enka Renewables-ის გადაწყვეტილების შესახებ კომპანიის - ENKA İNŞAAT-ის მიერ სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ცნობილი გახდა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი მასში გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორსმაჟორია.
