პოლონეთის თქმით, ის მზად არის "გაზპრომის" მიერ გაზის მიწოდების შეწყვეტისთვის
პოლონეთის მთავრობამ განაცხადა, რომ მზად არის რუსეთიდან გაზის მიწოდების ნებისმიერი შეფერხებისთვის, მას შემდეგ, რაც რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომმა“ ვარშავას შეატყობინა, რომ 27 აპრილს შეწყვეტს გაზსადენ „იამალით“ მისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას.
პოლონეთის კომპანია PGNiG-მ განაცხადა, რომ „გაზპრომმა“ პოლონეთის მხარეს 26 აპრილს შეატყობინა თავისი გადაწყვეტილების თაობაზე.
PGNiG-მ ასევე განაცხადა, რომ საჭირო ზომებს მიიღებს, რათა „იამალის“ გაზსადენში განახლდეს გაზის ჩატუმბვა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობებით და რომ გაზის მიწოდების ნებისმიერი შეჩერება კონტრაქტის დარღვევაა.
პოლონეთის კლიმატის მინისტრმა ანა მოსკვამ ტვიტერში დაწერა, რომ „გაზპრომის“ ნაბიჯი გავლენას არ მოახდენს პოლონეთის ოჯახებისთვის გაზის მიწოდებაზე.
„ომის პირველი დღიდან განვაცხადეთ, რომ მზად ვართ, სრულიად დამოუკიდებელი ვიყოთ რუსეთის ნედლეულისგან,“ თქვა მან. „პოლონეთს გაზის საჭირო მარაგი და მიწოდების წყაროები მოეპოვება ჩვენი უსაფრთხოების დასაცავად,“ დასძინა მოსკვამ.
პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ თქვა, რომ, პოლონეთის გაზსაცავები 76%-ით არის შევსებული. მისი თქმით, პოლონეთი მზად არის, სხვა წყაროებიდან შეიძინოს გაზი.
მას შემდეგ, რაც დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს სანქციები დაუწესეს უკრაინაში შეჭრის გამო, კრემლმა გააფრთხილა ევროკავშირის ქვეყნები, რომ გაზის მიწოდება შეუწყდებათ, თუკი რუბლებში არ გადაიხდიან.
პოლონეთმა უარი თქვა რუბლებში გადახდაზე და ევროკავშირის სხვა ქვეყნების მსგავსად განაცხადა, რომ ევროებში ან დოლარებში გააგრძელებს გაზის საფასურის გადახდას, როგორც ეს შეთანხმებით არის გათვალისწინებული.
„გაზპრომს“ არ დაუდასტურებია გაზის მიწოდების შეწყვეტა, მაგრამ კომპანიის მაღალი რანგის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „პოლონეთმა გაზის მიწოდებისთვის ახალი საგადასახადო პროცედურების მიხედვით უნდა გადაიხადოს.“