მარკეტა გრეგოროვა საქართველოს მთავრობას: ჩვენ გვსურს შევასრულოთ თქვენი მოქალაქეების სურვილები და თქვენ?
საქართველოში მედიასთან დაკავშირებული მდგომარეობა საშინელია. ჟურნალისტებს ძალადობრივად ესხმიან თავს. არსებობს ჟურნალისტების დაშინების, მუქარისა და სამართლებრივი დევნის შემთხვევები და ბევრი გამოძიება მიმდინარეობს მედია მუშაკებისა და მფლობელების წინააღმდეგ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც დებატები იმართება საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით.
ევროპარლამენტარის თქმით, მათ სურთ, შეასრულონ საქართველოს მოქალაქეების სურვილები და მიმართავს საქართველოს მთავრობას კითხვით: “თქვენ?” .
„ყველაზე მეტად იმედის გამაცრუებელია, რომ მთავრობა და სხვა პოლიტიკოსები უერთდებიან ჟურნალისტებზე „ნადირობას“ , იმის ნაცვლად, რომ დაიცვან დემოკრატიისა და საზოგადოების საყრდენი. ამიტომ, შევახსენებ საქართველოს მთავრობას, საქართველოს მოქალაქეებმა გამოხატეს თავიანთი სურვილი ევროპულ მისწრაფებასთან დაკავშირებით, ეს გულისხმობს დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტების, კანონის უზენაესობის, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ფუნდამენტური თავისუფლების დაცვას, მათ შორის დამოუკიდებელ და თავისუფალ მედიას. კანდიდატის სტატუსი ცალმხრივი გარიგება არ არის. ჩვენ გვსურს შევასრულოთ თქვენი მოქალაქეების სურვილები და თქვენ? თუ „კი“, მაშინ გარკვეული სტანდარტები უნდა დაიცვათ“,- აღნიშნა ევროპარლამენტარმა.