ივლისში ჩეჩნეთის რესპუბლიკაში სულ მცირე 17 ადამიანი გაიტაცეს. მათ შორის არის სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელიც
ივლისში ჩეჩნეთის რესპუბლიკაში 17 ადამიანი გაიტაცეს, იტყობინება ოპოზიციური მოძრაობა 1ADAT-ი. მაგრამ უფლებადამცველების აზრით, სინამდვილეში ეს მაჩვენებელი შეიძლება უფრო დიდი იყოს.
ოპოზიციური მოძრაობის ანგარიშში, კერძოდ, მოტანილია ზოგიერთი გატაცებულის ვინაობა: ადამ მაჩუკაევი, აზამატ ჩოკეევი, ისრაფილ ამრიევი, ბესლან ჰაიაური, რიზვან დადაევი და მაგომედ სუკიშევი.
მანამდე, ინტერნეტით გამოქვეყნდა დაკავებული რიზვან დადაევის დაკითხვა. ღამით გადაღებულ კადრებში კამერის უკან მყოფი პირი – სავარაუდოდ, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი – დადაევს ეკითხება, თუ რატომ დააკავეს. ეს უკანასკნელი უპასუხებს, რომ მას სურდა ბიჭს შეხვედროდა სექსისთვის. ცნობილი გახდა კიდევ ორი ადამიანის გაუჩინარების შესახებ, რომლებიც დადაევის საკონტაქტო სიაში იყვნენ. უცნობია, სად არიან ახლა დაკავებულები და არიან თუ არა ისინი ცოცხლები.
"რუსული ლგბტ ქსელის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა იგორ კოჩეტკოვმა "კავკაზ. რეალიისთან" ინტერვიუში განაცხადა დადაევის გატაცების შესახებ, ასევე იმის შესახებ, თუ როგორ შეიცვალა გასული წლის განმავლობაში სიტუაცია ჩეჩნეთის რესპუბლიკაში LGBTQ+ წარმომადგენლების დევნასთან დაკავშირებით.
ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა ირიბად აღიარა მისი კრიტიკოსების ნათესავების გატაცება, მაგრამ უარყო მასში თავისი მონაწილეობა. ჩეჩნეთის ხელმძღვანელის თქმით, ადამიანების გაუჩინარების უკან შეიძლება იდგნენ ისინი, ვინც მათ "შეურაცხყვეს" - ადამიანის უფლებათა დამცველებმა და ბლოგერებმა. "ჩვენთან სისხლის აღება არავის გაუუქმებია", - განაცხადა კადიროვმა.