უკრაინაში 12 წლით პატიმრობა მიესაჯა ანექსირებული ყირიმის ყოფილ მოხელეს
უკრაინის ქალაქ ლვოვის სასამართლომ 12 წლით მიუსაჯა პატიმრობა ანექსირებული ყირიმის ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ მოხელე ქალს, რადგან რუსეთის მიერ დანიშნულ ადმინისტრაციასთან მისი თანამშრომლობა სახელმწიფო ღალატად იქნა მიჩნეული. მსჯავრდებულმა სამინისტროში მუშაობა დაიწყო 2014 წელს, ყირიმის რუსეთის მიერ ანექსირების შემდეგ.
როგორც უკრაინის უსაფრთხოების სამსახური იუწყება, მსჯავრდებული ყირიმის სამინისტროში 2021 წლამდე მუშაობდა. ის აპრილში დააკავეს, ლვოვის ოლქში. უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ქალი უკრაინის დატოვებას გეგმავდა, თუმცა თებერვალში, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ის იქ ყირიმიდან ჩავიდა მამის დაკრძალვაზე და ყირიმში დაბრუნება ვეღარ შეძლო, საომარი მოქმედებების დაწყების გამო. უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ქალი გეგმავდა ლვოვის ოლქიდან პოლონეთში გამგზავრებას, შემდეგ კი ბელორუსიდან რუსეთში გადასვლას, თუმცა ის უკრაინისა და პოლონეთის საზღვარზე დააკავეს.
უკრაინის კანონებით კოლაბორაციონიზმად ითვლება და სახელმწიფო ღალატს უტოლდება ნებისმიერი თანამშრომლობა ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე პრორუსულ ადმინისტრაციებთან, ან ანექსირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ დანიშნულ მმართველებთან. უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსი საამისო სასჯელად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 12-დან 15 წლამდე. კოლაბორაციონისტთა რიგებში შესაძლოა მოხვდნენ არა მხოლოდ ის პირები, რომლებმაც მმართველ ორგანოებში დაიკავეს პოზიციები, არამედ, მაგალითად, მასწავლებლებიც, რომლებიც თანხმდებიან ოკუპირებულ ან ანექსირებულ ტერიტორიებზე ბავშვებს რუსული სასკოლო პროგრამებით ასწავლონ, ან მოქალაქეები, რომლებიც სამოქალაქო სამსახურს ასრულებენ რუსეთის სამხედრო ნაწილებში.
რუსეთმა უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირება 2014 წელში განახორციელა.