ვაშინგტონში მინისტრების შეხვედრაზე ბლინკენმა შეაქო სომხეთის და აზერბაიჯანის "გაბედული ნაბიჯები" მშვიდობისკენ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა შეაქო სომხეთი და აზერბაიჯანი "გაბედული ნაბიჯების" გადადგმისთვის მშვიდობისკენ, ვაშინგტონში მიმდინარე შეხვედრისას, რომელშიც ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობდნენ.
ბლინკენმა 7 ნოემბერს შეხვედრები გამართა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, არარატ მირზოიანთან და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰუმ ბაირამოვთან.
"თვალს ვადევნებთ რეალურ ნაბიჯებს და გაბედულ ნაბიჯებს ორივე ქვეყნის მხრიდან, რათა წარსული უკან მოიტოვონ და იმუშავონ გამძლე მშვიდობისთვის" - თქვა ბლინკენმა შეხვედრის გახსნისას.
შეხვედრამდე რამდენიმე კვირით ადრე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოხდა ყველაზე მასშტაბური შეტაკებები, მთიანი ყარაბაღის გარშემო 2020 წლის ომის შემდეგ.
ბლინკენის თქმით, შეხვედრა დაეფუძნება გაეროს გენერალურ ასამბლეაზე და სხვაგან უკვე შემდგარ მოლაპარაკებებს სომხეთის, აზერბაიჯანის და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის.
"შეერთებული შტატები, როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის მეგობრის რანგში რაც შეუძლია ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ ამ ძალისხმევაში დაგეხმაროთ" - დასძინა სახელმწიფო მდივანმა.
შეხვედრის დანარჩენი ნაწილი დახურულ კარს მიღმა გაიმართა.
შეხვედრამდე სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთი დაადანაშაულეს საზავო შეთანხმების დარღვევაში მათ დაძაბულ საზღვარზე.