საქართველოსა და სომხეთის პარლამენტების თავმჯდომარეებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს
საქართველოს პარლამენტში ერთობლივი ბრიფინგი გამართეს საქართველოსა და სომხეთის პარლამენტების თავმჯდომარეებმა. ძირითადი საკითხი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები იყო.
"იმედი მაქვს, რომ ამ ათწლეულების განმავლობაში შევქმენით ის მყარი ფუნდამენტი, რაზეც ჩვენს მომავალ თაობებს შეეძლებათ კეთილმეზობლური და ძმური თანაცხოვრება...
საქართველო მზად არის გააგრძელოს შუამავლის ფუნქციის შესრულება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის იმისთვის, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი გადაიქცეს მშვიდობის და თანამშრომლობის მაგალითად. იმედი მაქვს, რომ ყველას და, უპირველეს ყოვლისა, ჩვენს ახალგაზრდა თაობებს ვაჩვენებთ, რომ ყველაზე რთული პრობლემების წინაშეც კი, სამხრეთ კავკასიის ხალხებს შეგვიძლია ბრძნულად და ურთიერთთანამშრომლობით მშვიდობიანი მომავლის მშენებლობა", - თქვა პაპუაშვილმა.
ალენ სიმონიანმა, სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, თქვა, რომ საქართველოსთან განსაკუთრებული კეთილმეზობლური ურთიერთობის განვითარება მათი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
"ჩვენ ძალზე დაინტერესებული ვართ საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობების დამყარებით. ქართულ-სომხური ურთიერთობა საერთო ფასეულობებზეა დამყარებული. ამას ემატება ჩვენი ქვეყნების მომავლისკენ მიმართული ნაბიჯები, რომლებსაც ჩვენ ვდგამთ დემოკრატიის მიმართულებით...
ასევე ვისაუბრეთ საქართველოსა და სომხეთის როლის შესახებ რეგიონში მშვიდობის დამყარების მიმართულებით, საჭიროა კიდევ გავაღრმაოთ ჩვენი ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებით", - თქვა სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ.
ალენ სიმონიანის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტსა და სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, ახალგაზრდობის და სპორტის კომიტეტს შორის.