"ქუჩაში დავიძახე "სლავა უკრაინე", "სლავა რასიეო" ერთმა მომაძახა, მოხვდა მერე ყურის ძირში" - ელისაშვილი
პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა პრემიერს მოუწოდა, საქართველოში ჩამოსული რუსეთის მოქალაქეები დააბრუნოს უკან, რუსეთში, სანამ "ქუჩაში ანგარიშსწორებები წავა". სხდომაზე ის მოჰყვა, რომ ერთ-ერთს თავადაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
"თქვენ ხართ პრემიერ-მინისტრი, გაქვთ უფლებამოსილება, მოკიდეთ ამ გათახსირებულებს ხელი და გაუშვით, დააბრუნეთ უკან თავის რუსეთში, სანამ თავი არ გაუჩეჩქვეს და თავი არ დაკლეს შუა ქუჩაში. ლევანი [იოსელიანი] მაფრთხილებს არ ილაპარაკოო, მაგრამ არ ვაგებ ჩემ თავზე პასუხს, სადმე რომ გადავეყარო.
არ დავმალავ, ამას წინ უცხოელი სტუმრები მყავდა, ქუჩაში მოვდიოდი, დავიძახე "სლავა უკრაინეო", "სლავა რასიეო" ერთმა მომაძახა და მოხვდა მერე ყურის ძირში. დეპუტატი ვარ, თმენის ვალდებულება მაქვს, მაგრამ არის საკითხები, სადაც არანაირი ვალდებულებები და კანონები არ მესმის. კარგად დაიჩეჩქვა ის რუსი", - თქვა ელისაშვილმა.
„საქსტატის“ ცნობით, 2022 წლის III კვარტალში საქართველოში ვიზიტორების ყველაზე მეტი რაოდენობა, 443.6 ათასი, რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა.