უელსთან მატჩის დაწყებამდე ირანელ გულშემატკივრებს შორის სტადიონთან მცირე დაპირისპირება მოხდა
ირანში მიმდინარე პოლიტიკურმა რყევებმა თავისი ასახვა პოვა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატზე ირანის ნაკრების მეორე მატჩზე. მატჩის დაწყებამდე, 25 ნოემბერს, რეჟიმის მომხრე ფანები სტადიონის გარეთ მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილ გულშემატკივრებს დაუპირისპირდნენ.
"ასოშიეიტედ პრესის" ცნობით, რომ ზოგიერთმა პროსამთავრობო ფანმა რეჟიმის მოწინააღმდეგე გულშემატკივრებს წაართვა რევოლუციამდელი ირანის სახელმწიფო დროშები და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა იმ ქომაგებს, რომლებსაც ეცვათ მაისურები ანტისამთავრობო წარწერით: „ქალები, სიცოცხლე, თავისუფლება“.
ინგლისის ნაკრებთან ჩატარებული პირველი მატჩისგან განასხვავებდათ, უელსთან შეხვედრის დაწყებამდე ირანის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ხმას აყოლებდნენ ეროვნულ ჰიმნს, რომლის შესრულების დროს კატარის სტადიონზე მყოფი ზოგიერთი გულშემატკივარი ტიროდა.
21 ნოემბერს, ინგლისის წინააღმდეგ პირველი მატჩის წინ, ირანის ეროვნული საფეხბურთო გუნდის მოთამაშეებმა არჩიეს არ ემღერათ თავიანთი ქვეყნის ჰიმნი. 11-ვე ფეხბურთელი ჩუმად იყო მაშინ, როცა კატარში, ხალიფას საერთაშორისო სტადიონზე, ირანის ჰიმნი ისმოდა. როგორც ჩანს, ფეხბურთელებმა სოლიდარობა გამოუცხადეს ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებს.
ირანში უკვე ორ თვეზე მეტია მიმდინარეობს საპროტესტო გამოსვლები, რომლებსაც ბიძგი მისცა მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბის წესების დარღვევისთვის დაპატიმრებული ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილმა. ირანის კლერიკალური მმართველების წინააღმდეგ მიმართული ეს აქციები ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ.