“ეს განზრახ მკვლელობა იყო” – ახალი დეტალები, თუ რა გახდა 2 ქართველს შორის დაპირისპირების მიზეზი
ნიდერლანდების პოლიცია ამ დრომდე ეძებს 28 წლის თორნიკე მანველიძეს, რომელმაც ქალაქ უტრეხტში, სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 32 წლის ქართველს, შოთიკო საკანდელიას. შემთხვევა 19 სექტემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქალაქის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. ჩვენი ინფორმაციით, მოკლულ ახალგაზრდას ჭრილობა ყელის არეში დანით აქვს მიყენებული. მას დამნაშავემ პირდაპირ საძილე არტერია დაუზიანა.
რა გახდა ამ შემზარავი მკვლელობის მიზეზი, ამას, ალბათ, სამართალდამცველები დაადგენენ. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მანველიძეს შენგელიასთან უთანხმოება უკვე საქართველოში ჰქონდა და მოკლულის ახლობლები თვლიან, რომ ეს განზრახ მკვლელობა იყო.
კიდევ ერთი ვერსიით, სასტუმროში მოხდა ქართველებს შორის კონფლიქტი, სასტუმროში დაბრუნებულმა მანველიძემ მოულოდნელად მიაყენა ჭრილობა შოთიკო საკანდელიას.
ჩვენი ინფორმაციით, მოკლული ახალგაზრდა იმ დღის ჩასული იყო ნიდერლანდებში და მას პოკერის ტურნირში უნდა მიეღო მონაწილეობა.
“შოთიკო საკანდელია გამორჩეული ახალგაზრდა იყო, ძალიან გონიერი და ნიჭიერი. “მოსიარულე გუგლი” ხარო, ასე ეუბნებოდნენ ხოლმე მას. ძალიან ნაკითხი ბიჭი იყო. მარტვილში დაიბადა და გაიზარდა, სკოლა აქ დაამთავრა, მერე წავიდა თბილისში და ორივე ძმა თბილისში ცხოვრობდა. მისი უფროსი ძმა დაოჯახებულია, შოთიკოს არ ჰქონდა ოჯახი შექმნილი.
ძალიან კარგ ოჯახში აღზრდილი ბიჭია. დედა ექიმია, მარტვილში, ჯანდაცვაში მუშაობს. ეს თავზარდამცემი ამბავი გუშინ გავიგეთ, ძალიან განვიცდით… ზუსტად იმ დღეს ჩავიდა იმ ქალაქში, პოკერების ტურნირში მონაწილეობა უნდა მიეღო, როგორც მოთამაშეს.
ადრეც წავიდა უცხოეთში ასეთ ტურნირზე და მაშინ პირველ ადგილზე გავიდა. როგორც გამარჯვებულს, სოლიდური თანხა გადასცეს, რომლითაც თბილისში ბინა იყიდა. წელსაც ანალოგიურ ტურნირზე წავიდა, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას, მათ შორის იყვნენ ქართველებიც. ეს პირველი შემთხვევა არ არის შოთიკოსთვის. ამ სფეროში იყო, ძალიან ძლიერი მოთამაშე გახლდათ.
როგორც ამბობენ, ქართული პოკერის კლუბებში შესვლა აკრძალული ჰქონდა, რადგან ყოველთვის იგებდა. მასთან ერთად, ამ ტურნირზე ყოფილა ჩასული 4 ახალგაზრდა, მათ შორის იყო მკვლელობაში ბრალდებული თორნიკე მანველიძე, როგორც ამბობენ, ის მწერალ გოჩა მანველიძის შვილია. შოთიკო მას პირადად იცნობდა, მისი ძმაც კი იცნობს ამ ბრალდებულს. ისიც ამ საქმეში იყო, თუმცა, როგორც ამბობენ, მანველიძე სხვა ჯგუფში თამაშობდა.
ერთი ვერსიით, მანველიძეს ჰქონდა შოთიკოსთან უთანხმოება, ამბობენ, ადრე შოთიკომ თამაში მოუგო და მან გამიზნულად მოკლაო. შოთიკო მსოფლიო დონის თამაშებში იყო ჩართული… კონფლიქტური ადამიანი არ იყო. ამ კონკრეტულ ტურნირთან არანაირი კავშირი არ აქვს ამ მკვლელობას, რადგან როგორც ვიცი, შოთიკო იმ დღის ჩასული იყო და მან იმ ტურნირში მონაწილეობაც კი ვერ მოასწრო.
იმ დღეს, თურმე, 12 საათზე, დედას ესაუბრა, მერე დაემშვიდობა, დედისთვის უთქვამს, ახლა ბიჭები მოვიდნენ და სადილზე უნდა გავიდეო. დედას გაუთიშა ტელეფონი და 6 საათამდე პერიოდშია მოკლული. ამბობენ, ჭრილობა პირდაპირ საძილე არტერიასთან აქვსო, ყელის არეში მიაყენა დანით ჭრილობა, გადაიყვანეს კლინიკაში, მაგრამ მალევე გარდაიცვალა.
დამნაშავე გაქცეულია და ახლა ეძებენ.
არის ვერსია, რომ ეს არის გამიზნული მკვლელობა. შოთიკო ბუნტის თავი არასოდეს ყოფილა, მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანი იყო. ძალიან განიცდის მთელი რაიონი, ყველა დადებითს გეტყვით მასზე. მისი მათემატიკის მასწავლებელი ყველა აბიტურიენტს ეუბნებოდა ხოლმე, ამდენი წლის მუშაობის სტაჟი მაქვს, მაგრამ შოთიკოსნაირი მოსწავლე არ მყოლია, მას სხვანაირი ტვინი აქვსო.
უნიჭიერესი ბიჭია მოკლული.
პოკერი სანამ დაიწყებოდა, თურმე, ზეპირად იცოდა, რა როგორ იყო, თავისი გათვლები ჰქონდა და ამიტომ არ უშვებდნენ ქართულ კლუბებში. სხვანაირი გონების ადამიანი იყო. განვიცდით ამ მძიმე ამბავს. ჯერ არ ვიცით, როდის ჩამოასვენებენ, როგორც ვიცით, ექსპერტიზა ჩაუტარდა”, – ამბობს ჩვენთან საუბარში ახლობელი.
ალბათ, გამოძიებამ უკვე დაჰკითხა ის პირები, ვინც მასთან ერთად იმყოფებოდნენ სასტუმროში. რა ჩვენება მისცეს მათ გამოძიებას და რატომ გაიმეტა ქართველმა ქართველი, ეს გამოძიებით გაირკვევა.
