Добавить новость
103news.com
World News
Январь
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

სტოლერმანის საქმე: მკვლელობა პარტიტურის სამი ფურცლისთვის

0

1920 წლის 15 იანვარს თბილისში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ფემიციდი მოხდა. დირიჟორმა სამუელ სტოლერმანმა კარის ჭუჭრუტანიდან ორი გასროლით მოკლა მეუღლე ალექსანდრა, რომელსაც მეორე ოთახში ეძინა.

ეს საქმე განსაკუთრებით უცნაური იმის გამოა, რომ დამნაშავედ ისევ გარდაცვლილი გამოიყვანეს.

სასამართლოს ქუჩიდან დაწყებული უსამართლობამეოცე საუკუნის ათიან წლებში საქართველოში ქართული ოპერების დადგმა დაიწყეს. მანამდე თბილისმა მხოლოდ იტალიური ოპერები იცოდა. ზაქარია ფალიაშვილი ამას იმდენად განიცდიდა, თავის ჩანაწერებში ამბობდა, „ჩაკრულოს“ პატრონი ხალხი გიტარა პესნებსა და „ნიკო, ნიკო, რაზბორნიკოს“ მღერისო.

„აბესალომ და ეთერის“ ფალიაშვილი 10-11 წელი წერდა და საბოლოოდ 1919 წლის 21 თებერვალს დადგა. ეს ქართულ სცენაზე შესრულებული მესამე ოპერა იყო. მანამდე დაიდგა „ქრისტინე“ და „თქმულება შოთა რუსთაველზე“. თუმცა, ხალხის სიყვარული სწორედ ამ ოპერას ერგო.

პრემიერას თავად ფალიაშვილი დირიჟორობდა, მოგვიანებით კი „აბესალომ და ეთერის“ სადირიჟოროდ სამუელ სტოლერმანი მიიწვიეს.

სამულელი 1874 წელს, რუსეთის ქალაქ კიახტაში (ბურიატიის რესპუბლიკა), ღარიბი ებრაელის ოჯახში დაიბადა. დირიჟორობა ვასილი საფაროვის ხელმძღვანელობით შეისწავლა. საქართველოში ჩამოსვლამდე რუსეთის რამდენიმე ქალაქში მუშაობდა.

თბილისში სტოლერმანების წყვილი სასამრთლოს ქუჩაზე N31 დასახლდნენ. ალექსანდრა სტოლერმანისთვის ეს უკანასკნელი მისამართი აღმოჩნდა.

მოითხოვეს 15 წელი, მიუსაჯეს არაფერიმწერალი კატო ჯავახიშვილი დემოკრატიული რესპუბლიკის მასალებზე მუშაობისას ამ გახმაურებულ საქმესაც სწავლობდა. მოგვიანებით, სტოლერმანის საქმის ინსპირაციით ის პიესას დაწერს.

კატო ჯავახიშვილი: „ბოლო წლები ვმუშაობდი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის მასალებზე, პოლიტიკოს ქალებზე, მაშინდელ სამუსიკო ცხოვრებაზე. სტოლერმანის ცოლზე ბევრი ინფორმაცია არ არის. არის რაღაც ცნობა, რომ შეუმდგარი მოცეკვავე იყო. საქართველოში ჩამოვიდა და ვერც აქ ინტეგრირდა. სამუელ სტოლერმანი ძალიან იყო მოცემული „აბესალომ და ეთერით“, ცოლი კი სასტიკად ეჭვიანობდა ამ ოპერაზე. ერთ მშვენიერ დღეს სამუელი შედის სახლში და ხედავს, რომ პარტიტურიდან სამი ფურცელია ამოხეული. კარის ჭუჭრუტანიდან, ორი გასროლით კლავს ცოლს. შემდეგ მისი პორტმანიდან 100 თუმანს იღებს და ქუჩაში გამოდის“.

ქუჩაში სტოლერმანი შემთხვევით ზაქარია ფალიაშვილს შეხვდა და მოუყვა, ცოლი მოვკალიო. შემდეგ მაშინდელ საგამოძიებო ორგანოშიც გამოცხადდა და იგივე გაიმეორა, თუმცა დაამატა, რომ თავს დამნაშავედ არ მიიჩნევდა.

სამუელ სტოლერმანის ბრალმდებელმა მისთვის 15 წლით კატორღა მოითხოვა. 1920 წლის 4 მარტს საქმე თბილისის დროებითმა საგანგებო საქმეთა სასამართლომ განიხილა, რის შემდეგაც „დამტკიცებულად ცნო, რომ ს. სტოლერმანმა ცოლი მოკლა ავადმყოფური სიშმაგის შემოტევის დროს და გამოუტანა მას გამამართლებელი განაჩენი“.

სტოლერმანს იცავდა ცნობილი ადვოკატი შალვა მესხიშვილი, ყოფილი იუსტიციის მინისტრი და საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერი. მისი სიტყვა შესულია წიგნში „ქართველ ადვოკატთა სასამართლო სიტყვები“.

„ნება მიბოძეთ, მოკლედ მოგახსენოთ, ერთი უბედური ადამიანის შესახებ“, - ამბობს ადვოკატი და მოყოლას ციმბირიდან იწყებს, სადაც 15 წლის წინ, 30 წლის ლოტბარმა მომავალი მეუღლე გაიცნო. წელიწადი და ნახევარი ერთად იცხოვრეს. შემდეგ ქალმა დაქორწინება მოითხოვა. ებრაელმა სამუელმა რჯული შეიცვალა და ჯვარი დაიწერეს. მერე კი დაიწყო ის, რასაც თანამედროვე ენაზე „ხასიათით ვერ შეეწყვნენ“ ჰქვია.

სათუთი კაცი და აფთარი დედაკაციშალვა მესხიშვილი სამუელს აღწერს, როგორც ინტელიგენტ, მუსიკაზე შეყვარებულ შემოქმედს, რომელსაც ცხოვრებისეული წვრილმანების ბევრი არაფერი გაეგება და არც ჯანმრთელობა უვარგა. „უნებისყოფო, წყნარი, ჩუმი, სათუთი აგებულებისა“, - ასე ახასიათებს ის მკვლელს, მსხვერპლს კი „აფთარ დედაკაცს“ ეძახის, რომელსაც ფულის გარდა არაფერი აინტერესებდა.

„ცოლი კი იყო ჯან-ღონით სავსე. ძლიერი ბუნებით დაჯილდოვებული ქალი. იგი ვერ იტანდა თავის სურვილების ვერავითარ წინააღმდეგობას და როგორც ქმართან, ისე უცხოსთან, აშკარად ავლენდა თავის უხეშ ბუნებას. იგი ქმრის უსიტყვო მორჩილებას მოითხოვდა. მთელი შემოსავალი მის ხელში იყო. ყიდულობდა ფასიან ქაღალდებს და შეჰქონდა ბანკში თავის სახელზე. ქმარს კი ხშირად რამდენიმე მანეთიც არა ჰქონდა. ალექსანდრა ფედოტის ასული ერეოდა ქმრის სალოტბარო და სამუსიკო მოღვაწეობაში, თუმცა მუსიკისა თითქმის არაფერი ესმოდა“, - ამბობს შალვა მესხიშვილი თავისი სიტყვაში.

ადვოკატი ყვება, რომ ცოლ-ქმარის კონფლიქტი მხოლოდ სახლის კედლებში არ დარჩენილა. ალექსანდრა ქმარს სახალხოდაც უწყობდა სკანდალებს.

„ცოლი სტოლერმანს თითქმის ყოველდღე ეჩხუბებოდა და სცემდა კიდეც. ხშირად უცხო პირების დასწრებით ლანძღავდა, ეძახოდა ქეციან ურიას, იდიოტს და სხვა ამგვარს. ეს მარტო ოჯახში არა ხდებოდა. ესენტუკის პარკში დიდი ჩხუბი გაუმართა და ქოლგით ხელში გამოუდგა გასალახავად“.

მსგავს სკანდალებს მოწმეებიც ჰყავდა. ადვოკატი იხსენებს შემთხვევას, როდესაც ალექსანდრამ მომღერალ ქალ კოშიცზე იეჭვიანა და ქმარს ნება არ მისცა, მასთან „პიკის ქალის“ რეპეტიცია გაევლო. ამის გამო, 1919 წლის 29 დეკემბერს „პიკის ქალს“ სტოლერმანის მაგივრად სხვა ლოტბარობდა. წარმოდგენის დაწყებამდე კოშიცმა გამოაცხადა, დირექციისთვის გაუგებარია, სტოლერმანი ამ სპექტაკს რატომ ჩამოშორდაო. ამ დროს ალექსანდრა დარბაზში იჯდა. „ინტრიგანკა“ - წამოიძახა მან და კოშიცი საჯაროდ გალანძღა.

რეჟისორი და სცენარისტი ალექსანდრე წუწუნავა თავის ჩვენებაში ამბობს: „იმ დროს თეატრში არ ვიყავი. როცა ტელეფონით შემატყობინეს მაშინვე მივედი თეატრში, აქ სტოლერმანის ცოლი შემხვდა. ვუთხარი, რომ ასეთი საქციელი სახელმწიფო დაწესებულებაში დაუშვებელია-მეთქი. სტოლერმანის ცოლმა მიპასუხა, მე კარგად ვიცი რასაც ჩავდივარ, პარლამენტში ერთმანეთს სკამებს ესვრიანო“.

ადვოკატს არც სტოლერმანის წარმომავლობა ავიწყდება და ამასაც მის დასაცავდ იყენებს.

„სტოლერმანი ებრაელია. თქვენ კარგად მოგეხსენებათ რა მდგომარეობაში იყვნენ ებრაელები თვითმპყრობლობის დროს. მათ მოკლებული ჰქონდათ ადამიანის ელემენტარული უფლებები. მათ სასტიკად სდევნიდნენ... მუშაობით დაქანცულ სტოლერმანს, როგორც ებრაელს, ცხოვრება მაინცდამაინც არ უღიმოდა, მას ოჯახში უნდა ჰქონოდა დასვენების, ნერვების დაწყნარების, ხელშეუშლელი მუშაობის პირობები. აქ უნდა ეგრძნო, რომ იგი ადამიანია და როგორც ებრაელს, ზიზღით არ უყურებენ. მაგრამ მეუღლემ სტოლერმანს ოჯახში ჯოჯოხეთი შეუქმნა“.

ებრალების შემდეგ ადვოკატი უკვე ქართველების თავმოყვარეობასაც ეხება:

„სტოლერმანი დიდი ყურადღებით ეკიდებოდა „აბესალომ და ეთერს“, დიდი შრომა გასწია ვიქტორ დოლიძის ოპერა „ქეთო და კოტეზე“. მალე აპირებდა „აბესალომის“ ლოტბარობას. ამის გამო ნამდვილი ომი გამოუცხადა მეუღლემ; მან შეიძულა ქართული ნაწარმოებები, უწოდებდა მათ საძაგელს და ვულგარულს და ქმარს უკრძალავდა მათ შესწავლას. ერთხელ, უთხრა კიდეც ქმარს, თუ არ წაიღებ ბინიდან „აბესალომის“ პარტიტურას, დაგიხევო“. მინდა მოგაგონოთ სტოლერმანის ჩვენება გამოძიებაზე: „როცა ვუთხარი, რომ ჩვენ პატივისცემით უნდა მოვეპყრათ ქართველ ხალხს, ცოლმა ირონიით მიპასუხა: ჩქარა მოვლენ დენიკინელები და გასწმენდნენ მთელ საქართველოსო. საერთოდ იგი რეაქციონერი იყო“.

ამ ყველაფრის შემდეგ, რა თქმა უნდა, გაჩნდებოდა კითხვა, თუ რატომ არ გაშორდა სტოლერმანი ასეთ ადამიანს. ალექსანდრე წუწუნავა თავის ჩვენებაში ამბობს: „ჩვენ ვურჩევდით სტოლერმანს, გასცილებოდა ცოლს. სტოლერმანმა გვიპასუხა, თქვენ არ იცნობთ მას. თვითმფრინავით მოფრინდება იქ, სადაც ვიქნები და უარეს დღეს დამაყენებსო“.

მკვლელობა და მერძევე ქალიშალვა მესხიშვილი აღწერს, რომ მკვლელობის წინა დღეს, 14 იანვარს, ცოლმა სამუელს მორიგი ისტერიკა მოუწყო, უყვიროდა, ხალხი ბენეფისებით ფულს შოულობს, შენ კი არაფერს აკეთებო. დაკაწრა, ერთი ბალიში მიუგდო და თავად სხვა ოთახში განმარტოვდა. იმ ღამეს სამუელს მისაღებში, ცოლის ნაწყალობევ ბალიშზე, გაუხდელად ეძინა. გამოღვიძებულმა გადაწყვიტა, ოპერაზე მუშაობა გაეგრძელებინა. სწორედ ამ დროს აღმოაჩინა, რომ პარტიტურას, რომელიც ერთადერთი ეგზემპლარი იყო, სამი ფურცელი აკლდა. ადვოკატი ამბობს, რომ სწორედ ამ მომენტმა გადაიყვანა დირიჟორი ჭკუიდან.

„სტოლერმანმა 15 წლის კატორღა უკვე მოიხადა ცოლთან ცხოვრების დროს. მე შეღავათს არ ვთხოულობ. უდანაშაულო სტოლერმანისათვის შეღავათი დაუშვებელია. მე მხოლოდ ფაქტი აღვნიშნე. ვშუამდგომლობ თქვენ წინაშე, რათა დადასტურებულად სცნოთ, რომ სტოლერმანმა ცოლი მოკლა პათოლოგიური აფექტის მდგომარეობაში და გამოუტანოთ მას გამამართლებელი განაჩენი“ - ასე ასრულებს თავის სიტყვას ადვოკატი და სასამართლოსაც მართლაც გამამართლებელი განაჩენი გამოაქვს. ადამიანი, რომელმაც მძინარე ცოლი ლოგინში ტყვიით მოკლა თავისუფლებაზე რჩება.

კატო ჯავახიშვილი: „ნაფიცმა მსაჯულებმა გამოიტანეს უცნაური განაჩენი, ის 15 წელი, რომელიც სტოლერმანს უნდა მოეხადა, უკვე მოხდილი აქვს ამ ქალთან ცხოვრებითო. ამის გამო არაფერი არ მიუსაჯეს. და ეს განაჩენი გამოდის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, რომელსაც ადამიანის უფლებების დაცვაზე ჰქონდა პრეტენზია. თან ამას არავინ აპროტესტებს. როგორც ჩანს, სტოლერმანს გავლენიანი მფარველი ჰყავდა ან ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ქართული კულტურისთვის.

ძალიან საინტერესო არის მაშინდელი პრესა. ქალისადმი ლოიალური დამოკიდებულება არსად ჩანს. ყველაგან წერენ, რომ ეს ქალი იყო ძალიან ანჩხლი, ქმარს ფულს არ აძლევდა, საშინლად ეჭვიანობდა და ყველაფერი ქართული ეზიზღებოდა. ერთი ადამიანიც კი არ არის, რომელიც სხვა რამეს იტყოდა. მე გამიჩნდა კითხვა, თუ რატომ ლაპარაკობს ყველა ასე ერთი და იგივეს. ძალიან უცნაურია, რომ ამ ქალს არც პრესა და არც სხვა არავინ არ გამოესარჩლა“.

კატო ჯავახიშვილი ცდილობდა ამ საქმეზე არსებული დამატებითი ინფორმაცია შსს-ს არქივში ეპოვა, მაგრამ სამინისტროსგან უარი მიიღო.

კატო ჯავახიშვილი: „მაინტერესებდა თავად სამუელ სტოლერმანმა რა თქვა სასამართლოზე ან ნაფიცი მსაჯულები ვინ იყვნენ. როგორ გამოიტანა დემოკრატიულ რესპუბლიკაში სასამართლომ ასეთი უსამართლო განაჩენი, მაშინ როცა მთავრობის სხდომებზეც კი კარიკატურისტებს უშვებდნენ დასახატად“.

ამ თემაზე კატო ჯავახიშვილს დაწერილი აქვს პიესა, რომლის მთავარი გმირი მერძევე ქალია, ადამიანი, ვისაც სტოლერმარებთან დილაობით რძე და მაწონი მიჰქონდა. ის ნახსენებია 1920 წლის მარტის „საქართველოს რესპუბლიკაში“:

„[სტოლერმანმა] ორჯერ ესროლა რევოლვერი მძინარე ცოლს, რითაც ის მოჰკლა. შემდეგ გამოვიდა იმ ოთახში, რომელშიც მთელი ღამე გაატარა და იქ იმყოფებოდა, იქამდე, სანამ მერძევე ქალმა კარები არ დაუკაკუნა ჩვეულებისამებრ, რამაც ის გამოარკვია სრული აპატიიდან.

ის მივიდა ცოლის გვამთან, მისი ქისიდან ასი თუმანი ამოიღო, დასტოვა სახლში რევოლვერი, ჩაკეტა კარები და ქუჩაში გამოვიდა“.

სტოლერმანის საქმეზე ალაბთ კიდევ ბევრი რამ დაიწერებოდა, მაგრამ 1921 წელს საქართველოში წითელი არმია შემოვიდა და სიყვარულისა თუ სიძულვილის გახმაურებული ამბავი ქვეყანას მალევე დაავიწყდა.

სამუელ სტოლერმანს „აბესალომ და ეთერისთვის“ აღარ უდირიჟორია. მოგვიანებით მონაწილეობდა: ოპერების „ლეილას“ და „დარეჯან ცბიერის“ პრემიერებში; ასევე „დაისის“ ოდესაში დადგმულ წარმოდგენაში. 1925 მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის, 1937 წელს კი უკრაინის სახალხო არტისტის წოდებები. 1949 წელს გარდაიცვალა კიევში.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России