„რეპორტიორები უსაზღვრებოდ“: 2017 წელს მსოფლიოში მოკლეს წინა წელზე ნაკლები, 65 ჟურნალისტი
ორგანიზაციის „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“, ინფორმაციით, 2017 წელს მსოფლიოში მოკლეს 65 ჟურნალისტი, რაც 18 პროცენტით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. მოკლულებს შორის იყვნენ როგორც პროფესიონალი, ისე არაპროფესიონალი, ე.წ. მოქალაქე-ჟურნალისტები და მედიასაშუალებების თანამშრომლები. ანგარიშით, რომელიც 19 დეკემბერს გამოაქვეყნა პარიზში დაფუძნებულმა ორგანიზაციამ, 2017 წელს მოკლულ იქნა 50 პროფესიონალი ჟურნალისტი, რაც ბოლო 14 წლის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ მსხვერპლის შემცირების ერთ-ერთ მიზეზადმიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ჟურნალისტებს უკეთ ამზადებენ და იცავენ კონფლიქტის ზონებში სამუშაოდ. ორგანიზაციის ინფორმაციით, 65 ჟურნალისტიდან 39 ადამიანი მკვლელობებმა და მიზანმიმართულმა თავდასხმებმა შეიწირა, ხოლო დანარჩენები შემთხვევით გახდნენ მსხვერპლი ავიაიერიშების, საარტილერიო ცეცხლისა და თვითმკვლელების მიერ მოწყობილი აფეთქებების დროს. რეპორტიორებისათვის ყველაზე სახიფათო ქვეყნად კვლავინდებურად რჩება სამოქალაქო ომით მოცული სირია, სადაც 2017 წელს 12 ჟურნალისტი დაიღუპა.