ევროკავშირი მიესალმა ტყვეების გაცვლას უკრაინაში
ევროკავშირის ლიდერები მიესალმნენ კიევსა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ დონბასელ სეპარატისტებს შორის 27 დეკემბერს შემდგარ ტყვეთა გაცვლის პროცესს, რაც დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა. ახალი წლის წინ საკუთარ სახლებში დაბრუნდა ასობით სამხედრო ტყვე, რასაც გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უწოდეს „მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული ნაბიჯი ახალი წლისა და მართლმადიდებლური შობის წინ“. უკრაინამ თვითგამოცხადებული ერთეულების წარმომადგენლებს გადასცა 238 პირი, ლუგანსკისა და დონეცკიდან უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე დაბრუნდა 74 პირი. კიევის მონაცემებით, დონბასში, იმ ადგილებში, რომლებსაც უკრაინის მთავრობა ვერ აკონტროლებს, კვლავ ტყვეობაში რჩება 100-მდე პირი და მათგან ბევრის ადგილმდებარეობა უცნობია.