ექსპერტიზამ უკრაინაში დაადასტურა სააკაშვილისა და კურჩენკოს ხმების ავთენტურობა
უკრაინის უშიშროების სამსახურის ექსპერტიზამ დაადასტურა მიხეილ სააკაშვილისა და დევნილობაშია მყოფი უკრაინის პრეზიდენტთან დაახლოებული ბიზნესმენის, სერგეი კურჩენკოს ხმების ავთენტურობა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურორის პრესმდივან, ლარისა სარგანზე დაყრდნობით უკრაინული საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ. უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ 5 დეკემბერს გამოქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელიც სავარაუდოდ, ასახავს მიხეილ სააკაშვილის და უკრაინიდან რუსეთში გაქცეული ბიზნესმენის, სერგეი კურჩენკოს სატელეფონო საუბარს. გამოძიების თანახმად, ამ საუბრის შემდეგ, უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების მიზნით საპროტესო აქციების დასაფინანსებლად მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლმა, პარტია „ახალი ძალების რუხის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სევარიონ დანგაძემ კურჩენკოსაგან მიიღო დაახლოებით 500 ათასი დოლარი. უკრაინელმა სამართალდამაცვებმა დანგაძე დეკემბრის დასაწყისში დააკავეს სახელმწიფო ღალატის და ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან კავშირის ბრალდებებით. საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე აღძრულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლით, რაც გულისხმობს დანაშაულებრივი ორგანიზაციის მონაწილეთა დახმარებას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვას. მიხეილ სააკაშვილი ამ ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და პოლიტიკურ დევნად აფასებს.