გერმანიას გაეროს სამშვიდობო მისიის შექმნა სურს უკრაინაში რუსეთის არჩევნებამდე
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოწოდება გამოთქვა, შეიქმნას გაეროს სამშვიდობო შეიარაღებული მისია აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელიც მარტში ეწყობა. ზიგმარ გაბრიელმა უკრაინელ კოლეგა პავლო კლიმკინთან მოლაპარაკების შემდეგ, 3 იანვარს, განაცხადა, რომ ასეთი ძალები არსებითი იქნება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად. გაბრიელის თქმით, „ეს უნდა იყოს კარგად შეიარაღებული მისია, რომელიც მთელ ტერიტორიაზე განთავსდებოდა კონფლიქტის ზონაში“. მან დასძინა, რომ გერმანია და საფრანგეთი სამშვიდობო მისიის თაობაზე გაეროს უშიშროების საბჭოში შეიტანენ წინადადებას, იმ იმედით, რომ ეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მტკიცე დაცვას მოიტანს უკრაინაში. რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, რომელიც, როგორც მოელიან, იოლად გაიმარჯვებს მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში, ემხრობა გაეროს სამშვიდობო მისიის განთავსებას მხოლოდ ფრონტის ხაზის გასწვრივ, რაც სეპარატისტულ ტერიტორიას გამოჰყოფდა დანარჩენი უკრაინისგან. კრემლი ასევე წინააღმდეგია გაეროს სამშვიდობო ძალების განთავსებისა თავისი საზღვრის იმ მონაკვეთში, რომელსაც უკრაინა არ აკონტროლებს. უკრაინა და მისი დასავლელი მოკავშირეები არ ეთანხმებიან რუსეთის პოზიციას გაეროს მცირე მისიის შესახებ და მოითხოვენ, გააფართოოს გაერომ თავისი როლი უკრაინის კონფლიქტში, რომელმაც 2014 წლიდან ათი ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.