პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას კაიროსთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას ეგვიპტის დედაქალაქ კაიროსთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ, რაც ორ წელიწადზე მეტი ხნის შემდეგ მოჰყვა რუსეთიდან კაიროში ფრენის შეწყვეტას. შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიზეზი იყო უსაფრთხოების პრობლემები. პუტინის ბრძანებულება მხოლოდ კაიროს ეხება. 2015 წლის 31 ოქტომბერს ეგვიპტის სინაის ნახევარკუნძულის თავზე აფეთქდა რუსეთის თვითმფრინავი, რის შედეგადაც 224 ადამიანი დაიღუპა. ისლამისტების გაერთიანება „ ისლამურმა სახელმწიფომ“ გამოაცხადა, რომ მან ჩადო ბომბი თვითმფრინავში, რომლითაც რუსი ტურისტები სანქტ-პეტერბურგიდან მიეშურებოდნენ ეგვიპტის კურორტ შარმ ელ-შეიხში დასასვენებლად. რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტა მძიმე დარტყმა იყო ეგვიპტის ეკონომიკისათვის, მისთვის ტურიზმიდან შემოსავლის დიდი მნიშვნელობის გამო.