ნატალი საბანაძე: სავიზო ლიბერალიზაციას ამ ეტაპზე არანაირი საფრთხე არ ემუქრება
ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლას ამ ეტაპზე არანაირი საფრთხე არ ემუქრება - ამის შესახებ 23 იანვარს, რადიო თავისუფლებას განუცხადა საქართველოს წარმომადგენელმა ევროკავშირში, ნატალი საბანაძემ. მისი ინფორმაციით, ევროკავშირის საბჭო განიხილავს ევროკომისიის მიერ 20 დეკემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომელიც შეეხება ზოგადად, შეჩერების მექანიზმს და მოიცავს ბალკანეთის ხუთ და „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს. ნატალი საბანაძის განცხადებით, არასწორია ინტერპრეტაცია, თითქოს ეს არის რიგგარეშე განხილვა, ან ანგარიში ექსკლუზიურად საქართველოს შეეხება. ელჩის განმარტებით, ევროკომისიის ანგარიში არის მიმოხილვა იმისა, თუ როგორ მუშაობს სავიზო ლიბერალიზაცია და მსგავსი ანგარიშები გამოქვეყნდება მომდევნო წლებშიც. ნატალი საბანაძის ინფორმაციით, ევროკომისიის ანგარიში 15 იანვარს უკვე განიხილა ევროპარალმენტის LIBE-ს კომიტეტმა. „საქართველოს თემა თითქმის, საერთოდ არ დაყენებულა ამ განხილვის დროს და შესაბამისად, შეუმჩნევლად ჩაიარა ამ ამბავმა“ - განაცხადა ნატალი საბანაძემ. მისი თქმით, ევროკომისიის ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ გაზრდილია საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა, თუმცა, ჯერჯერობით კომისიის მხრიდან არ არის რაიმე შეშფოთება და დაკვირვება გრძელდება. ნატალი საბანაძის განცხადებით, ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში სავიზო ლიბერალიზაციამდე გაიზარდა თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა, ზოგიერთში კი, ლიბერალიზაციის შემდეგ. „სხვადასხვა სახელმწიფოდან მიღებულ ინფორმაციას ამუშავებს ევროკომისია და თუ ხდება ისეთი რამ, რაც შეიძლება მათთვის შეშფოთების მიზეზი იყოს, თვითონ უნდა დაგვიკავშირდეს ამ ინფორმაციით, რაც არ ყოფილა“ - განაცხადა ნატალი საბანაძემ.