ჩეხეთის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს მილოშ ზემანი
![ჩეხეთის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს მილოშ ზემანი](https://gdb.rferl.org/9F5AC11C-A61E-4AC4-90A7-D74EDBD73F04_cx0_cy12_cw0_w800_h450.jpg)
ჩეხეთის პრეზიდენტად მეორე ხუთწლიანი ვადით აირჩიეს ყოფილი კომუნისტი და პრორუსულად განწყობილი მილოშ ზემანი. კენჭისყრის მეორე ტურში, რომელიც 26-27 იანვარს ჩატარდა, მათ უმნიშვნელო უპირატესობით აჯობა პროევროპული ორიენტაციის მეცნიერს ირჟი დრაჰოშს. საარჩევნო უბნები დღეს, ადგილობრივი დროით 14 საათზე დაიხურა. ამომრჩევლების ხმათა 96,87 პროცენტის დათვლის შემდეგ გაირკვა, რომ ზემანს მიემხრო კენჭისყრაში მონაწილეთა 51,95 პროცენტი, ხოლო დრაჰოშს - 48,04. ამ უკანასკნელმა უკვე აღიარა თავისი მარცხი. საბოლოო შედეგების გამოცხადებას რამდენიმე საათში ელიან. 73 წლის ზემანს 2013 წლიდან უკავია პრეზიდენტის თანამდებობა, რომელსაც ძირითადად ცერემონიული ხასიათი აქვს. იგი ცნობილია სადავო გამონათქვამებით მიგრანტების, განსაკუთრებით, მუსლიმების წინააღმდეგ, ასევე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან თბილი ურთიერთობებით. გარდა ამისა, ზემანი ჩინეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მომხრეა. 68 წლის დრაჰოში, რომელიც წარსულში ჩეხეთის მეცნიერებათა აკადემიას ედგა სათავეში, პროევროპელ ლიბერალადაა ცნობილი. ახალბედა პოლიტიკოსი, რომელიც არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ წარმოადგენს, შეშფოთებას გამოთქვამს ექსტრემიზმისა და პოპულიზმის ზრდის გამო.