საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ლიტვის პრემიერ-მინისტრი
თბილისში გაიმართა საქართველოსა და ლიტვის პრემიერ-მინისტრების, გიორგი კვირიკაშვილის და საულიუს სკვერნელისის პირისპირ შეხვედრა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების და ეკონომიკური კავშირების გაფართოების საკითხები და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნით საქართველოში მიმდინარე რეფორმები. „ლიტვა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთ-ერთი უდიდესი მხარდამჭერია, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას გიხდით" - განაცხადა შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა. თავის მხრივ, საულიუს სკვერნელისმა აღნიშნა, რომ საქართველო ლიტვისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია.