ბიბილოვი: სამხრეთ ოსეთში რუსეთზე ნაკლებად არ უხარიათ არჩევნებში პუტინის გამარჯვება
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტად ხელახალი ვადით არჩეულ ვლადიმირ პუტინს. სააგენტო „რესი“ ბიბილოვის პრესმდივანზე, დინა გასიევაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბიბილოვმა პუტინს მიულოცა არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება და აცნობა, რომ მას სამხრეთ ოსეთში მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 92,8%-მა, წინა საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით კი აქტივობა 20%-ით მეტი იყო. ბიბილოვის განცხადებით, ეს ადასტურებს, რომ სამხრეთ ოსეთის ხალხი სრულად უჭერს მხარს ვლადიმირ პუტინს, მისი მადლიერია და რუსეთზე ნაკლებად არ უხარია არჩევნებში პუტინის გამარჯვება. ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა პუტინი მიიწვია ცხინვალში, რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის აღიარებიდან მეათე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.