საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ბრინჯაოს მედლით გახსნა
ძალოსანმა გოდერძი ბერდელიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ბუქარესტში გუშინ დაწყებულ ევროპის ჩემპიონატზე. 21 წლის ქართველმა სპორტსმენმა უმსუბუქეს წონით კატეგორიაში - 56 კილოგრამში, პირველ მოძრაობაში - ატაცში შეძლო საპრიზო სამეულში შესვლა 112-კილოგრამიანი შტანგის აწევით. მეორე მოძრაობაში - აკვრაში და ორჭიდის ჯამში ბერდელიძე მეოთხე ადგილს დასჯერდა.
ევროპის 2018 წლის ჩემპიონატზე საქართველოს ძალოსანთა ნაკრები 10 სპორტსმენით ჩავიდა. ვაჟთა ნაკრების სახელით ევროკონკურენციაში ჩაებმებიან: რამინ შამილიშვილი, შოთა მიშველიძე (ორივე 62 კგ), გოგა ჩხეიძე (69 კგ), რევაზ დავითაძე (85 კგ), დავით ხეცურიანი (105 კგ), ლაშა ტალახაძე და ირაკლი თურმანიძე (ორივე +105 კგ). ქალთა ნაკრების წევრთაგან კი შტანგას ასწევენ თათია ლორთქიფანიძე (69 კგ) და ანასტასია გოტფრიდი (90 კგ).