ადმინისტრაციული ბრალდება "გირჩის" ლიდერსაც წაუყენეს
3 მაისს ბრალი წარედგინა „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო თავისუფლებას მიაწოდა „გირჩის“ სპიკერმა ჰერმან ძაბომ. „ზურა ჯაფარიძე მოულოდნელად დაიბარეს პოლიციის განყოფილებაში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე და ბრალი წაუყენეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს“ - განაცხადა ჰერმან ძაბომ.
ზურან ჯაფარიძე „გირჩის“ უკვე მესამე წარმომადგენელია, რომელსაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით წარედგინა ბრალი. დანარჩენი ორი: იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი სამართალდამცველებმა 2 მაისს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, "გირჩის" წევრები გამოესარჩლნენ მოქალაქე მ.ს-ს, რომელიც სამართალდამცველებმა ქავთარაძის ქუჩაზე შეაჩერეს.
„სამართალდამცველებმა აღნიშნულ მოქალაქეებს არაერთხელ მოუწოდეს წესრიგის დაცვისკენ, თუმცა ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას. მ.ს. სამართალდამცველებმა პოლიციის შენობაში გადაიყვანეს, საპროცესო მოქმედებების ჩატარების მიზნით. „გირჩის“ წევრები დაედევნენ პოლიციელებს, აგრძელებდნენ მათთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლას და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, რის გამოც 1982 წელს დაბადებული ი.ხ. და 1972 წელს დაბადებული ვ.მ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობას გულისხმობს" - წერია შსს-ს განცხადებაში.“ პოლიციის ინფორმაციით, „მ.ს. ნარკოტიკებს უკანონოდ ასაღებდა“. ის ამჟამად ხელწერილის საფუძველზეა გათავისუფლებული.
იაგო ხვიჩიასა და ვახტანგ მეგრელიშვილის სასამართლო სხდომა, წინასწარი ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოში 3 მაისს, 12 საათზე უნდა გამართულიყო, თუმცა ცოტა ხნით ადრე, პოლიციის სამმართველოში დაიბარეს ზურა ჯაფარიძეც. 2 მაისს, ისიც იმყოფებოდა საბურთალოს პოლიციის განყოფილებასთან, სადაც „გირჩის“ წევრები სამართალდამცველებს ძალადობრივ ქმედებებში ადანაშაულებდნენ და პროტესტს გამოხატავდნენ.