რუსეთის მთავრობა გადადგა
თანამდებობები დატოვეს რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დმიტრი მედვედევმა და მისი კაბინეტის წევრებმა. რუსეთის კონსტიტუციით, მთავრობას უფლებამოსილება უწყდება ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ. შესაბამისად, 7 მაისს, პრეზიდენტ პუტინის მიერ ფიცის დადებისთანავე მედვედევმა ხელი მოაწერა მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტის განკარგულებას. რუსეთის მთავრობაში 9 ვიცე-პრემიერი და 22 ფედერალური მინისტრია. ისინი მოვალეობას შეასრულებენ მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის ფორმირებამდე. რუსეთის კონსტიტუციით, პრეზიდენტს ორკვირიანი ვადა აქვს პარლამენტისთვის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წარსადგენად, თუმცა, მოელიან, რომ ვლადიმირ პუტინი კანდიდატს უახლოეს ხანში დაასახელებს.