კრემლში გაიმართა პრეზიდენტ პუტინის ინაუგურაცია
კრემლის დიდ სასახლეში პრეზიდენტის ფიცი დადო მეოთხე ვადით არჩეულმა ვლადიმირ პუტინმა. რუსეთის კონსტიტუციით დადგენილი ფიცის წარმოთქმის შემდეგ, პუტინმა განაცხადა, რომ მისი მიზანია ემსახუროს რუს ხალხს და სამშობლოს, რათა ქვეყანა იყოს მშვიდობიანი და აყვავებული. პუტინმა ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა და მათ მხარდაჭერას უწოდა უდიდესი პოლიტიკური კაპიტალი და საიმედო მორალური დასაყრდენი. ვლადიმირ პუტინის განცხადებითვე, რუსეთი უნდა იყოს თანამედროვე, დინამიკური ქვეყანა, რომლის განვითარების საფუძველია თავისუფალი მოქალაქეების, პასუხისმგებლიანი სამოქალაქო საზოგადოების და ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფოს ერთობა. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანას გარღვევა სჭირდება ყველა სფეროში და სახელმწიფოს პოლიტიკის ცენტრში იქნება ცხოვრების დონის გაუმჯობესება, ადამიანის ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და უსაფრთხოება. პუტინის განცხადებითვე, რუსეთი როგორც საერთაშორისო ცხოვრების ძლიერი და გავლენიანი მონაწილე, მზად არის თანასწორუფლებიანი და ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობისთვის ყველა ქვეყანასთან მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მიზნით. 18 მარტს ჩატარებულ არჩევნებში ვლადიმირ პუტინმა ხმების 76%-ით გაიმარჯვა და 6 წლით დაიკავა პრეზიდენტის თანამდებობა. 5 მაისს, რუსეთის ქალაქებში გაიმართა პუტინის მმართველობის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია: „ის არ არის ჩვენი მეფე.“ დამოუკიდებელი უფლებადამცველი მედია-პროექტის ОВД-Инфо-ს ინფორმაციით, პოლიციელებმა რუსეთის 27 ქალაქში დააკავეს 1597 ადამიანი.