უზბეკეთში სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს ჟურნალისტი ბობომურად აბდულაევი
უზბეკეთში სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს ჟურნალისტი ბობომუროდ აბდულაევი, რომლის პატიმრობასაც გმობდნენ უფლებადამცველი ორგანიზაციები. მას წაყენებული ჰქონდა მთავრობის დამხობისაკენ მოწოდების ბრალდება. ტაშკენტის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო აბდულაევი და სასჯელის სახით შეუფარდა სახელმწიფოსათვის სამი წლის განმავლობაში თვიური შემოსავლის 20%-ის გადახდა, რის შემდეგაც ადგილზევე გაათავისუფლა. მასთან ერთად ბრალდებული სამი პირი - ბლოგერი ჰაიოთ ჰონ ნასრიდინოვი, ბიზნესმენები რავშან სალაევი და შავკათ ოლოიოროვი - უდანაშაულოდ ცნეს და ასევე გაათავისუფლეს. სასამართლო პროცესი, რომელმაც საერთაშორისო ორგანიზაციის ყურადღება მიიპყრო, მიჩნეული იყო გამოცდად პრეზიდენტ შავკათ მირზიოევის ახალი მთავრობისათვის, რომელმაც პირობა დადო, რომ რეფორმებს განახორციელებს უზბეკეთში. შუა აზიის ამ ქვეყანას მირზიოევი ხელმძღვანელობს სტაჟიანი ავტოკრატი ლიდერის, ისლამ ქარიმოვის 2016 წელს გარდაცვალების შემდეგ. აბდულაევი 2017 წლის სექტემბერში დააპატიმრეს და ის ყოველთვის უარყოფდა ბრალდებებს. თებერვალში 12-მა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ მოითხოვა მისი გათავისუფლება და მისი წამების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამოძიება.