პუტინმა მთავრობას დაავალა რუსეთის შესვლა მსოფლიოში ეკონომიკურად წამყვანი ქვეყნების ხუთეულში
ვლადიმირ პუტინმა, რომელიც 7 მაისს მეოთხე ვადით შეუდგა რუსეთის პრეზიდენტად მუშაობას, ხელი მოაწერა ბრძანებულებას „2024 წლამდე პერიოდში რუსეთის ფედერაციის ეროვნული მიზნებისა და სტრატეგიული ამოცანების შესახებ“. ბრძანებულებაში, რომელიც კრემლის საიტზე გამოქვეყნდა, მთავრობის ამოცანებს შორის მოხსენიებულია 2024 წლამდე რუსეთის შესვლა მსოფლიოში ეკონომიკურად უძლიერესი ქვეყნების ხუთეულში (ახლა რუსეთი ათეულშიც არ შედის), სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა 78 წლამდე, სიღარიბის მაჩვენებლის განახევრება, განათლების სისტემის - ხარისხობრივი მაჩვენებლით - შესვლა მსოფლიოს საუკეთესო ათეულში. ექვსი წლის წინ, ასევე პრეზიდენტად ინაუგურაციის დღეს, პუტინმა ხელი მოაწერა 11 დოკუმენტს მთავრობისთვის დავალებების მისაცემად. მათ მოგვიანებით „მაისის ბრძანებულებებად“ მოიხსენიებდნენ. დოკუმენტებში საუბარი იყო, მაგალითად, მასწავლებლებისა და ექიმების ანაზღაურების მნიშვნელოვნად გაზრდის აუცილებლობაზე. 2017 წლის დეკემბერში გამართულ პრეს-კონფერენციაზე პუტინი ამტკიცებდა, რომ ბრძანებულებები 94%-ით შესრულდა. მაგრამ მანვე დაამატა, მოუგვარებელი საკითხები მეტია, ვიდრე ისინი, რომელთა მოგვარებაც მოხერხდაო.