კულტურისა და სპორტის მინისტრი ძიუდოისტებს შეხვდა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრები კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ გიორგაძეს შეხვდნენ და კონკრეტულად გააცნეს ის მიზეზები, რომელთა გამოც ითხოვენ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილის გადადგომას. შეხვედრას დაესწრნენ ასევე პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, იმავე კომიტეტის წევრი შოთა ხაბარელი და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. სპორტსმენებმა დახურულ კარს მიღმა საუბრის შემდეგ სამინისტროსთან მომლოდინე ქომაგებს უთხრეს, რომ შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა და მინისტრისგან პრობლემის გადაჭრის გზა ვერ დაინახეს, თუმცა იქვე განაცხადეს, რომ, კანონის ფარგლებში, ბოლომდე გააგრძელებენ ბრძოლას, რათა ქევხიშვილს თანამდებობა დაატოვებინონ.
მიხეილ გიორგაძემ კი ძიუდოისტებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ საკითხის სიღრმისეულად შესასწავლად დრო სჭირდება. კულტურისა და სპორტის მინისტრი ორი დღით ფრანკფურტში მიემგზავრება, თბილისში დაბრუნების შემდეგ კი ისევ შეხვდება სპორტსმენებს, რათა პროცესი არ გაიწელოს და სამინისტრომ კონკრეტული პოზიცია უახლოეს მომავალში დააფიქსიროს.