მეტროს სადგური „თავისუფლების მოედანი“ დაიხურა უსაფრთხოების მიზნით
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გადაწყვეტილებით, მოქალაქეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, დაიკეტა მეტროს სადგური „თავისუფლების მოედანი“. გადაწყვეტილება სატრანსპორტო კომპანიამ 17 მაისს, 4 საათისათვის მიიღო.
რადიო თავისუფლებას სატრანსპორტო კომპანიის პრესსამსახურში განუმარტეს, რომ 17 მაისის მოვლენების გამო, რომელიც ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის მსოფლიო დღეს უკავშირდება, კომპანიამ მეტროს სადგური დროებით დახურა:
„ამ სადგურზე არ ჩერდება მატარებელი, არ ვიღებთ არც მგზავრებს. მიუხედავად იმისა, რომ გუშინვე გავრცელდა ინფორმაცია, 17 მაისს, მთავრობის კანცელარიასთან დაგეგმილი აქციის გადადებისა, კომპანიამ მაინც მიიღო გადაწყვეტილება, დახუროს მეტროს სადგური“.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიხსნება მეტროს სადგური „თავისუფლების მოედანი“.