მოლდავეთის პოლიციამ არ დაუშვა ლგბტ თემის აქტივისტებისა და მართლმადიდებლების შეტაკება
19 მაისს მოლდავეთის დედაქალაქში აგრესიულად განწყობილი მართლმადიდებლები შეეცადნენ, ფიზიკურად დაპირისპირებოდნენ ლგბტ თემის წარმომადგენელთა და მხარდამჭერთა მსვლელობის მონაწილეებს. თუმცა ამის საშუალება არ მისცა პოლიციამ, რომელმაც ცრემლმდენი გაზი გამოიყენა მათ წინააღმდეგ. საპროტესტო გამოსვლის მართლმადიდებელი მონაწილეები ასევე წარუმატებლად შეეცადნენ გაერღვიათ პოლიციის ზოლი და თავს დასხმოდნენ ჰომოფობიის საწინააღმდეგო მსვლელობას. შარშან, მსგავსი მსვლელობისას, პოლიციამ ლგბტ თემის მხარდამჭერი დემონსტრანტები ავტობუსით გაიყვანა სამშვიდობოს მას მერე, რაც საწინააღმდეგო დემონსტრაციის მონაწილეებმა კვერცხები და ბოთლები დაუშინეს მათ.