შსს-მ ინგა გრიგოლიას მიმართ მუქარის ფაქტზე საქმე აღძრა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მიმართ მუქარის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის საფუძველზე საქმე აღიძრა. აღნიშნული მუხლი კოდექსში ასეა განმარტებული: „სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში“. ამ დროისთვის უცნობია - მიიღო, ან მიიღებს, თუ არა შსს გადაწყვეტილებას ინგა გრიგოლიას უსაფრთხოების მყისიერად უზრუნველყოფისთვის. ჟურნალისტი ფეისბუკის პოსტში წერს, რომ პირი, ვისგანაც მის მიმართ წლებია მუქარა ხორციელდება, კონკრეტულ თარიღს - 20 მაისს ასახელებს: „ამ დღეებში უკვე ახალი წერილი და მუქარა მივიღე, რომელიც ტელევიზიაში დატოვა ამ ტიპმა (კადრებშიცაა დაფიქსირებული, როგორ აძლევს წერილს ჩემს თანამშრომელს), სადაც წერს რომ 20 მაისამდე თუ არ დავუბრუნებ რაღაც ქონებას, სახლის კარს შემომიმტვრევს“, - წერს ინგა გრიგოლია.