"თალიბანი" ახალი თავდასხმებით იმუქრება
რადიკალურმა მოძრაობამ, „თალიბანმა“ ქაბულის მცხოვრებთ მოუწოდა, არ მიუახლოვდნენ „სამხედრო ცენტრებს.“ მოძრაობამ 21 მაისს, ინტერნეტით გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ყოველწლიური საგაზაფხულო იერიშის ფარგლებში გეგმავს შეტევას „მტრების სამხედრო და სადაზვერვო ცენტრებზე“ და არ სურს მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. ავღანეთის მთავრობამ „თალიბანს“ თებერვალში შესთავაზა სამშვიდობო მოლაპარაკება, რასაც რადიკალური მოძრაობა არ თანხმდება. ავღანეთში "მტკიცე მხარდაჭერის" მისიით იმყოფება ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ათასობით სამხედრო, მათ შორის საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები.