პომპეო: ირანს დავუწესებთ ყველაზე მკაცრ სანქციებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო აცხადებს, რომ ვაშინგტონი ირანს დაუწესებს ყველაზე მკაცრ სანქციებს, რაც კი აქამდე ყოფილა. "სანქციების ძალა მტკივნეული იქნება, თუ [ირანის] რეჟიმი კურსს არ შეიცვლის" - აცხადებს პომპეო. ვაშინგტონში, კონსერვატიული ორიენტაციის კვლევით ინსტიტუტში, Heritage Foundation-ში წარმოთქმული ეს სიტყვა პომპეოსთვის იყო პირველი მნიშვნელოვანი გამოსვლა მას შემდეგ, რაც მან გასულ თვეში სახელმწიფო მდივნის პოსტი დაიკავა. ორიოდე კვირის წინ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ გადის მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მიერ ირანთან 2015 წელს გაფორმებული ხელშეკრულებიდან. ამ შეთანხმების ფარგლებში ირანს ეკონომიკური სანქციები მოეხსნა, ბირთვული პროგრამის შეკვეცის სანაცვლოდ. აშშ-სა და ირანის გარდა, ხელშეკრულების ხელმომწერები იყვნენ გერმანია, ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი და რუსეთი. აშშ-ის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს ვაშინგტონის ევროპელმა მოკავშირეებმა, რომლებიც მას შემდეგ თეირანთან მოლაპარაკებას აწარმოებენ ხელშეკრულების გადასარჩენად. ჩინეთი და რუსეთიც აცხადებენ, რომ ხელშეკრულების ერთგულები რჩებიან.