პირი, რომელიც ინგა გრიგოლიას ემუქრებოდა, დაკავებულია
პირი, რომელიც ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას ემუქრებოდა, დაკავებულია. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. განცხადების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მიმართ განხორციელებული მუქარისა და ადევნების ფაქტზე, 1970 წელს დაბადებული პირი დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო 19 მაისს, ინგა გრიგოლიას მიერ სოციალურ ქსელში ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ: „ოპერატიულად ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, გამოიკითხნენ თავად ინგა გრიგოლია და სხვა მოწმეები. ნივთმტკიცების სახით ამოღებულ იქნა მუქარის შემცველი წერილები და სხვა სახის შეტყობინებები. გამოძიებამ დაადგინა, რომ რ.ნ. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ინგა გრიგოლიას ტელეფონით, ელექტრონული და სხვა საშუალებებით მუქარის შემცველ შეტყობინებებს უგზავნიდა“. გამოძიება მუქარისა და ადევნების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 151-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ 19 მაისს სოციალური ქსელში გამოაქვეყნა ვრცელი წერილი, სადაც ის წერდა, რომ მას უცნობი მამაკაცი 2011 წლიდან ურეკავდა, ახდენდა მასზე ფსიქოლოგიურ ძალადობას და ფულს სთხოვდა. ტელეწამყვანი აღნიშნავს, რომ მან პოლიციას რამდენჯერმე მიმართა, თუმცა მაშინ ადევნების შესახებ კანონი მიღებული არ იყო და მისი საკითხი რეაგირების გარეშე დარჩა. 20 მაისს მან კიდევ ერთხელ მიმართა სამართალდამცავებს. ინგა გრიგოლიას ესაუბრა რადიო თავისუფლება: „ჯოჯოხეთი არ დასრულებულა, მაგრამ შეჩერდა. იმედია, ეს პირი ადეკვატურ სასჯელს მიიღებს და ქუჩაში გამოსულს არ მექნება იმის შიში, რომ ვიღაც ყელს გამომჭრის. არ მგონია, რომ ეს პირი შეურაცხადია, თუმცა, ყველაფერს ექსპერტიზა და გამოძიება დაადგენს“.