ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა შეებრძოლება თბილისში უკანონო მშენებლობებს
რუსთაველის თეატრის მსახიობმა, თათული დოლიძემ თანამოაზრეებთან ერთად ჩამოაყალიბა საზოგადოებრივი მოძრაობა „სიცოცხლისთვის." მისი საქმიანობა მიმართული იქნება თბილისში უკანონო მშენებლობების წინააღმდეგ. მოძრაობაში გაერთიანდნენ ატენის ქუჩისა და ჭავჭავაძის გამზირის მცხოვრებნი, რომლებიც რამდენიმე წელია აპროტესტებენ ატენის ქუჩაზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას.
„ოთხი წელია შიშით ვიღვიძებთ და ვიძინებთ, მუდმივად რაღაცეები ცვივა. ოთხი წელია დაგვღალა კაბინეტიდან კაბინეტში სიარულმა და რაც მთავარია, ერთი და იგივე მეორდება. იმ ხელისუფლებიდან მოყოლებული დღემდე პასუხი ყველას ერთი აქვს“ - განაცხადა თათული დოლიძემ თბილისში, პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან გამართულ შეკრებაზე. მსახიობის ინფორმაციით, მათ უკანონო მშენებლობის გამო სასამართლო დავაც მოიგეს, თუმცა, აღმოჩნდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას აზრი არ ჰქონია.
„ქალაქი საოცრებას დაამსგავსეს. ვინც თბილისელია, უყვარს ეს ქალაქი, არ მეგულება ადამიანი ჩემ გარშემო, რომელიც აღშფოთებული არ იყოს ამ ყველაფრით. ჩვენი მიზანია, შეაჩერონ უკანონო მშენებლობები“ - განაცხადა თათული დოლიძემ. მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი გახდა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, სურთ მასთან შეხვედრა და ინფორმაციის მიწოდება. საზოგადოებრივი მოძრაობის „სიცოცხლისთვის“ წარმომადგენლები აპროტესტებენ უკანონო მშენებლობებით ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების ხელყოფას.