ომბუდსმენმა "რუსთავი 2"-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა "მეგობრის მოსაზრებით"
საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საქმეზე: „რუსთავი 2 და სხვები საქართველოს წინააღმდეგ," სასამართლო მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, მოსაზრებები არ ეხება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და დავის არსებით მხარეს და ნინო ლომჯარია შემოიფარგლა საკუთარი მანდატით და ყურადღება გაამახვილა საქმის მნიშვნელობასა და ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებისა და სამართლიანი სასამართლოს კუთხით არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე. სტრასბურგის სასამართლოს რეგლამენტით დადგენილი პროცედურის შესაბამისად, მხარეებს - განმცხადებლებსა და მთავრობას შესაძლებლობა ექნებათ სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში წარდგენილ საკითხებზე თავისი პოზიცია დააფიქსირონ. საქართველოს სახალხო დამცველის თხოვნა საქმეში მესამე მხარედ ჩართვის თაობაზე, სტრასბურგის სასამართლომ 2018 წლის 4 აპრილს დააკმაყოფილა.