ოიუბ ტიტიევის გათავისუფლების შესახებ პეტიციას 50 ათასზე მეტმა მოაწერა ხელი
დღეისთვის 50 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი რუსეთის პრეზიდენტის სახელზე მომზადებულ პეტიციას - „გავათავისუფლოთ უფლებადამცველი ოიუბ ტიტიევი“. „კავკაზსკი უზელის“ თანახმად, პეტიციის ავტორია ლანა ესტემიროვა, 2009 წლის ივლისში მოკლული ნატალია ესტემიროვას შვილი. ლანა ესტემიროვამ 15 მაისს გამოაქვეყნა ოიუბ ტიტიევის მხარდამჭერი ვიდეო-მიმართვა და მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტს ჩაერიოს უფლებადაცვითი ცენტრის - „მემორიალის“ გროზნოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის სამართლებრივი დევნის საქმეში. ლანა ესტემიროვამ მოამზადა პეტიცია, რომლითაც ვლადიმირ პუტინს ოიუბ ტიტიევის საქმის ფედერალურ დონეზე გადატანას სთხოვს. ორი კვირის წინ გამოქვეყნებულ პეტიციას 28 მაისის დღის მეორე ნახევრის მდგომარეობით 50 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი. პეტიციის მხარდამჭერები კომენტარებში მოითხოვენ უფლებადამცველებზე ძალისმიერი ზეწოლის შეწყვეტასა და ტიტიევის გათავისუფლებას. ოიუბ ტიტიევი მარიხუანის შენახვის ბრალდებით მიმდინარე წლის 9 იანვრიდან იმყოფება პატიმრობაში. მან განაცხადა, რომ ნარკოტიკული საშუალება მას ძალოვნებმა ჩაუდეს. 25 მაისს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი შეხვდა „მემორიალის“ ხელმძღვანელს ალექსანდრ ჩერკასოვს, რომელმაც პრეზიდენტს ოიუბ ტიტიევის საქმესა და ჩრდილოეთ კავკასიაში „მემორიალის“ წარმომადგენლობებზე თავდასხმის შესახებ უამბო. ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში 60 წლის ოიუბ ტიტიევს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.