პუტინის აზრით, ყველა მხარეა დაინტერესებული რუსეთისთვის სანქციების მოხსნით
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, რუსეთმა დაძლია დასავლეთის სანქციებით გამოწვეული ყველა სირთულე. პუტინმა ეს მოსაზრება გამოთქვა 5 ივნისს ვენაში, ავსტრიის პრეზიდენტ ალექსანდერ ვან დერ ბელეთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. შეკითხვას, რა შედეგები მოჰყვა რუსეთის მიმართ ევროკავშირის სანქციებს, პუტინმა უპასუხა, რომ სანქციები საზიანოა ყველა მხარისათვის და რომ ყველა მხარეა დაინტერესებული მათი გაუქმებით. ვან დერ ბელენმა კი აღნიშნა, რომ ავსტრია იმოქმედებს ევროკავშირთან უნისონში რუსეთთან მიმართებით. პუტინი 5 ივნისს ჩავიდა ვენაში ვან დერ ბელენთან და კანცლერ სებასტიან კურცთან შესახვედრად. მისი ვიზიტის ფონია ევროკავშირთან მოსკოვის დაძაბული ურთიერთობა, გამოწვეული უკრაინაში აგრესიით, სირიის მმართველი რეჟიმის მხარდაჭერით, ინგლისში ყოფილი რუსი ჯაშუშისა და მისი ქალიშვილის მოწამვლით და სხვა საკითხებით. ავსტრიაში ვიზიტი არის პუტინის პირველი მოგზაურობა დასავლეთ ევროპის ქვეყანაში რუსეთის პრეზიდენტად წელს მორიგი ვადით არჩევის შემდეგ. ვიზიტამდე პუტინმა ავსტრიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ტელეინტერვიუში თქვა, რომ მოსკოვს სურს ევროკავშირის „ერთიანობა და კეთილდღეობა“.