F5 - ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი იწყება
9-10 ივნისს ზუგდიდში პირველად გაიმართება თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი სახელწოდებით F5, რომელშიც მონაწილეობას ქართველი მწერლები, პოეტები და მუსიკოსები მიიღებენ. ამ ფესტივალის სწორედ თბილისს გარეთ, და კერძოდ, ზუგდიდში ჩატარების იდეა სამ ახალგაზრდა ავტორს, ტატო ჩანგელიას, ნიკა ლაშხიასა და გიორგი შონიას ეკუთვნის.
მათი განცხადებით, რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს ხშირად არ შეუძლიათ დაესწრონ და მონაწილეობა მიიღონ თბილისში ჩატარებულ ფესტივალებსა თუ სხვა ღონისძიებებში.
„ჩვენ გვინდა, რომ ფესტივალს ყოველწლიური სახე ჰქონდეს, რათა რეგიონი კულტურულ ცხოვრებაში ჩაებას და არ იყოს დიდი წყვეტა თბილისთან, რაც ასე თვალსაჩინოა. გარდა ამისა, ფესტივალის ზუგდიდში ჩატარება სხვა საინიციატივო ჯგუფებისთვის მაგალითის მიმცემი იქნება, რათა მომავალში რეგიონებს უფრო მეტი ყურადღება დაუთმონ“, - ამბობენ ფესტივალის იდეის ავტორები.
წელს ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალის მონაწილეები არიან ზვიად რატიანი, პაატა შამუგია, კატო ჯავახიშვილი, ზაზა კოშკაძე, გაგა ნახუცრიშვილი, ნინია სადღობელაშვილი, ალექსანდრე ლორთქიფანიძე, ლუკა ბაქანიძე, ერეკლე დეისაძე, ბაჩო ჯიქიძე და ლექსო რატიანი. ფესტივალის პარტნიორია გამომცემლობა „ინტელექტი“.