ქეთევან ციხელაშვილმა არ დაადასტურა ასლან ჯიოევის თბილისში მკურნალობის ფაქტი
9 ივნისს ანტისაოკუპაციო მოძრაობამ „ძალა ერთობაშია“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ღუდუშაურის კლინიკაში მკურნალობს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის, ახალგორის რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსის, ფილიპ ხაჩიროვის დაცვის წევრი, ასლან ჯიოევი. მოძრაობა მიიჩნევს, რომ შესაძლოა, ხაჩიროვი, მის გარემოცვა და ზოგადად საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაში იყვნენ დამნაშავენი. მოძრაობის წევრები საქართველოს ხელისუფლებისგან ჯიოევის დაკითხვას მოითხოვენ.
ღუდუშაურის კლინიკის დირექტორის მოადგილემ, მარინა გელანტიამ დაადასტურა, რომ 7 ივნისს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან მათ მართლაც მიიღეს „წითელი ჯვრის“ მიერ მიყვანილი პაციენტი, რომელსაც ქალა-ტვინის ღია ტრავმა აღენიშნებოდა. პაციენტი, რომლის სახელსაც გელანტია არ ასახელებს, მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს.
სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა მედიასთან საუბრისას არ დაადასტურა ასლან ჯიოევის თბილისში ყოფნისა და მკურნალობის ფაქტი, მან მხოლოდ ის თქვა, რომ „გარკვეული პირები დაუზუსტებელ და დაუსაბუთებელ ინფორმაციას ავრცელებენ“, რამაც შეიძლება დაზიანოს არა მხოლოდ კონკრეტული საქმე, არამედ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებიც. მინისტრის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთა უფასო ჯანდაცვის მომსახურების სახელმწიფო რეფერალური პროგრამაში მონაწილე პირთა ვინაობა, მათივე უსაფრთხოების მიზნით, საჯარო არ არის.