დონალდ ტრამპმა ვიქტორ ორბანს მთავრობის ფორმირება მიულოცა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეფონით მიულოცა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს ამასწინანდელ არჩევნებში გამარჯვება და ახალი კაბინეტის ფორმირება. თეთრი სახლის ინფორმაციით, ორმა ლიდერმა ისაუბრეს ასევე ძლიერი სახელმწიფო საზღვრების აუცილებლობაზე. აშშ-ის პრეზიდენტს მტკიცე პოზიცია უკავია იმიგრაციის პრობლემის მიმართ და მხარს უჭერს საზღვრის უსაფრთხოების გამკაცრებას, განსაკუთრებით მექსიკასთან. ვიქტორ ორბანმა კი მიგრანტებისა და ლტოლვილების ტალღას ევროპაში, ცოტა ხნის წინ, უწოდა „საბაზრო სპეკულანტების“ შეთქმულება, ჩაფიქრებული თავიანთი ფინანსური მოგების მისაღებად. უნგრეთის პრემიერ-მინისტრს მხედველობაში ჰყავდა უნგრული წარმოშობის ფილანტროპი-მილიარდერი ჯორჯ სოროსი, რომლის წინააღმდეგ უნგრეთის ხელისუფლება მკაცრად ილაშქრებს.