აშშ დააფინანსებს ახალ პროექტებს საქართველოში პროფესიული განათლების გაზრდის მიზნით
გამოვლინდა პროფესიული განათლების სექტორში ინდუსტრიის მონაწილეობის ხელშეწყობის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები. პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ. დაფინანსებული პროექტების მეშვეობით შემუშავდება ახალი ინოვაციური პროფესიული პროგრამები, მათ შორის მწვანე სექტორის დარგში, დაინერგება ახალი მეთოდები დუალური განათლების, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლებისა და ინკლუზიური განათლების მიდგომები, ასევე ხელი შეეწყობა გოგონების დაინტერესებას საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალობებით, რაც საბოლოო ანგარიშით, გაზრდის პროფესიული განათლების მიმზიდველობას. ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, მაგდა მაღრაძის განცხადებით, პროექტის საბოლოო მისიაა, საქართველოში ისეთი პროფესიული განათლების პროგრამების დაფუძნება, რომლებიც შრომის ბაზრის და დამსაქმებლების მოთხოვნების შესაბამისად იქნება შემუშავებული და დანერგილი და რაც საბოლოო ანგარიშით, ხელს შეუწყობს საქართველოში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევის - დასაქმებასა და ასევე თანამედროვე, მაღალხარისხიანი პროფესიული განათლების დანერგვას. საგრანტო კონკურსი საქართველოში უკვე მესამედ ჩატარდა, მისი მთავარი მიზანია პროფესიული განათლების მიმზიდველობის გაზრდა.