სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გიორგი გიორგანაშვილი პატიმრობაში დარჩება
თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ 19 ივნისის სხდომაზე მიიღო. თბილისის საქალაქო სასამართლომ მსახიობი, გიორგი გიორგანაშვილი დამნაშავედ ცნო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვაში და 23 იანვარს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გიორგანაშვილი 2017 წლის 29 იანვარს დააკავეს დასავლეთ საქართველოდან თბილისში დაბრუნებისას და წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული. გიორგი გიორგანაშვილი, რომელიც პოლიციელებს ადანაშაულებს ნარკოტიკის ჩადებაში, ბრალს არ აღიარებს. მან უარი თქვა საპროცესო შეთანხმებაზე.
19 ივნისს, სააპელაციო სასამართლოში გიორგი გიორგანაშვილმა სიტყვით გამოსვლა ითხოვა, მისი თქმით, დღეს სასამართლო სისტემა ქვეყანაში სამართლიანი არ არის და ამაში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებითაც დარწმუნდა: „რომელ სამართლიან სასამართლოზე ვლაპარაკობთ, როცა უარი მითხარით, მასალების გამოთხოვაზე იმ საფუძვლით, რომ გამოძიებას ხელი შეეშლებოდა. ადამიანებს უსამართლობა უბიძგებს, რომ ქუჩაში გადაინაცვლონ და სამართალი ეძებონ. პოლიციელის ჩვენებით, უდანაშაულო ადამიანის დამნაშავედ ცნობა ხდება. პირველივე პროცესზე გადამეწურა იმედი, როდესაც არცერთი ჩვენი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, ამიტომ ვტოვებ დარბაზს", - განაცხადა გიორგანაშვილმა.