ბრიუსელში ევროკავშირის "მინისამიტი" იმართება
კვირას ბრიუსელში მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამსჯელოდ შეიკრიბნენ ევროკავშირის რიგი ქვეყნების ლიდერები. შეხვედრა მოიწვია ევროკომისიის თავმჯდომარემ, ჟან-კლოდ იუნკერმა, რათა შეეცადონ ერთიანი პოზიცია შეიმუშაონ ევროკავშირის ოფიციალური სამიტის წინ, რომელიც მომავალ კვირაში გაიმართება.
გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელისთვის ამ არაფორმალურმა „მინისამიტმა“ შესაძლოა გადამწყვეტი როლი ითამაშოს. ის მიმდინარეობს დევნილთა საკითხზე მწვავე დაპირისპირების პირობებში მის პარტიას, ქრისტიანულ-დემოკრატიულ კავშირსა, და მის დობილ პარტია ქრისტიანულ-სოციალურ კავშირს შორის.
პარტიებს შორის დავა წამოიჭრა ლტოლვილთა მიღების თემასთან დაკავშირებით. ქრისტიანულ-სოციალური კავშირის ლიდერსა და გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრ ჰორსტ ზეეჰოფერს გადაწყვეტილი აქვს, საზღვრები ჩაუკეტოს ლტოლვილებს, რომლებსაც არა აქვთ დოკუმენტები ან რომლებიც უკვე რეგისტრირებული არიან ევროკავშირის რომელიმე სხვა ქვეყანაში. კანცლერი და ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის ლიდერი, ანგელა მერკელი, მიიჩნევს, რომ ასეთი ზომები ეწინააღმდეგება თავშესაფრის მინიჭების თაობაზე ევროპულ ნორმებს და გერმანიის კანონმდებლობას, გარდა ამისა, უსამართლოა ისეთი ქვეყნების მიმართ, როგორებიცაა საბერძნეთი და იტალია.