ეგვიპტის ნაკრები უარყოფს, რომ მისი ლიდერი კადიროვის გამო გუნდს ტოვებს
ეგვიპტის ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებში უარყვეს გავრცელებული ინფორმაცია ნაკრებიდან მოჰამედ სალაჰის შესაძლო წასვლის შესახებ. ნაკრების დირექტორმა, იჰაბ ლაჰიტამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სალაჰი განაგრძობს გუნდის სხვა წევრებთან ერთად ვარჯიშს და მეგობრულ ურთიერთობას და მზად არის საუდის არაბეთის ნაკრებთან მატჩისთვის. ეროვნული ნაკრებიდან სალაჰის შესაძლო წასვლა უარყო ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაციამაც.
24 ივნისს, ტელეკომპანია CNN-მა ეგვიპტელი ფეხბურთელის გარემოცვის წარმომადგენელზე დაყრდობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ლივერპულის“ და ეგვიპტის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი ნაკრებიდან წასვლის შესაძლებლობას განიხილავს მას შემდეგ, რაც ჩეჩნეთის მეთაურმა, რამზან კადიროვმა საკუთარი პოლიტიკური ინეტერესებისთვის გამოიყენა. მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატისთვის, რომელიც ამჟამად რუსეთში მიმდინარეობს, ეგვიპტის ნაკრების საწვრთნელი ბაზა გროზნოში განათავსეს. 22 ივნისს, კადიროვმა სალაჰს მიანიჭა ჩეჩეთის საპატიო მოქალაქის წოდება და საფეხბურთო კლუბის, „ახმადის“ მაისური აჩუქა. CNN ფეხბურთელის გარემოცვის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ სალაჰს არ სურს ხელი შეუწყოს რომელიმე პოლიტიკოსის იმიჯის გამყარებას და მონაწილეობა ისეთ აქციებში, რომელიც ფეხბურთს სცილდება.