შსს: ქართველ მესაზღვრეებს 29 ივნისს დააბრუნებენ
შსს ინტერნეტმედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება იმის თაობაზე, რომ ლაგოდეხში, საქართველო-რუსეთის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან (დაღესტნის მონაკვეთი) რუსმა სამხედროებმა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ორი თანამშრომელი გაიტაცეს.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 27 ივნისს, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის სამმართველოს ორი მესაზღვრე საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე დროებითი საზაფხულო საგუშაგოს გასახსნელად გავიდა, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ მათთან კომუნიკაცია შეწყდა.
ძებნის შედეგად გაირკვა, რომ ისინი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. შსს აცხადებს, რომ მხარეებს შორის უკვე მიღწეულია შეთანხმება და მესაზღვრეებს ქართულ მხარეს 29 ივნისს გადმოსცემენ.
„მესაზღვრეების დაბრუნების შემდეგ, ქართული მხარე ინციდენტს დეტალურად გამოიკვლევს და ყველა შესაბამის პროცედურას განახორციელებს“, - წერია შსს-ს განცხადებაში.
ინფორმაცია მესაზღვრეების გაუჩინარების შესახებ „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლაგოდეხის საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა ვახტანგ დევიძემ სოციალურ ქსელში 28 ივნისს გაავრცელა. ყოფილმა დეპუტატმა ფეისბუკზე დაწერა:
„შიდა ქართლში მოქალაქეების გატაცებით რომ ვერ დაკმაყოფილდნენ, ახლა ლაგოდეხში დაიწყეს ლეკიანობა რუსებმა. ადგნენ და მესაზღვრეები გაიტაცეს. მომავალში კიდე რას ჩაიდენენ კაცმა არ იცის. სამაგიეროს გადახდა რო გადაწყვიტოს კაცმა პროვოკატორია?“
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, გატაცებულთა ოჯახის წევრებისთვის მომხდარის შესახებ ამ დრომდე არავის უცნობებია.