თემურ კეკელია: იყო თუ არა ეს მესაზღვრეების გატაცება, ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ
სასაზღვრო პოლიციის უფროსის თემურ კეკელიას განცხადებით, გამოძიება დაადგენს, გაიტაცა თუ არა რუსულმა მხარემ ორი ქართველი მესაზღვრე 27 ივნისს, საქართველო-რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე: „რუსული მხარის მტკიცებით, ორი მესაზღვრის მიერ მოხდა გარკვეულ სიღრმეში შესვლა, საზღვრის დარღვევა, რის გამოც მესაზღვრეები გადაიყვანეს საგუშაგოზე. ჩვენი ამოცანა იყო, რომ მაქსიმალურად სწრაფად და უსაფრთხოდ დაგვებრუნებინა მესაზღვრეები. დანარჩენ დეტალებს ვერ ჩავუღრმავდები, მიმდინარეობს მესაზღვრეების გამოკითხვა. იყო თუ არა ეს გატაცება, ამას ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ“.
მესაზღვრეები კობა მაჭარაშვილი და გიორგი კერესელიძე სამი დღის წინ გაუჩინარდნენ საქართველო-რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე. შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მესაზღვრეები დაღესტნის მონაკვეთზე დროებითი საზაფხულო საგუშაგოს გასახსნელად იყვნენ წასულები. გარკვეული დროის შემდეგ, მესაზღვრეებთან კომუნიკაცია შეწყდა, რის შემდეგაც დაიწყო მათი ძებნის ღონისძიება. პარალელურად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მიერ დადგინდა, რომ ქართველი მესაზღვრეები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. მესაზღვრეები რუსულმა მხარემ 29 ივნისს, დღის 12 საათზე გაათავისუფლა.
ინფორმაცია მესაზღვრეების გაუჩინარების შესახებ „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლაგოდეხის საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა ვახტანგ დევიძემ სოციალურ ქსელში 28 ივნისს გაავრცელა.