პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა მთავრობის სტრუქტურული ცვლილების კანონპროექტი
საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გაიმართა "მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვა. პარლამენტი მიმდინარე კვირაში, დაჩქარებული წესით მიიღებს ე.წ. მცირე მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებების შეტანას დაახლოებით 120 კანონში.
მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში ათი სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი რჩება.
კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება.
უქმდება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო. აღნიშნული უწყების ფუნქციები და უფლებამოსილებები იუსტიციის სამინისტროს გადაეცემა.
ასევე უქმდება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო და ყალიბდება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
სამთავრობო სტრუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფუნქციები სივრცითი განვითარების მიმართულებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცემა.